„პლატსის“ მიხედვით, ბოლო ერთ თვეში საქართველოს ბენზინი 5%-ით, ხოლო დიზელი 2%-ით გაუძვირდა.
უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ოქტომბერში „პლატცის“ საშუალო არითმეტიკული ფასი ბენზინზე შეადგენდა 727.08 დოლარს (სექტემბერში 695.05 დოლარი იყო), ევრო-დიზელზე - 674.64 დოლარი (სექტემბერში 663.71 დოლარი იყო).
შესაბამისად, ბენზინის ღირებულება 32.03 დოლარით, ხოლო დიზელის 10.93 დოლარით არის გაზრდილი.
"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარის ვახტანგ იობაშვილის შეფასებით, ამის მიზეზი მსოფლიოში და კონკრეტულად ახლო აღმოსავლეთში არსებული პოლიტიკური დაძაბულობაა.
„ნავთობმწარმოებელი ქვეყნების ფორმულაა ასეთი, როცა სიტუაცია იძაბება, ნავთობის ფასი ძვირდება. მართალია, ჩვენ საწვავი ახლო აღმოსავლეთიდან არ მოგვაქვს, მაგრამ ეს მსოფლიო სანავთობო ბირჟებსა და გაერთიანებებზე მოქმედებს. "პლატცს" არ ადგენს ერთი სუბიექტი ან ერთი ქვეყანა, იგი „ოპეკის“ ქვეყნების მიერ დგინდება.
არ მაქვს მოლოდინი, რომ ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზრება, თუმცა ამის წინასწარმეტყველება მაინც შეუძლებელია. როგორც აღვნიშნე, ამას ადგენს „ოპეკის“ ქვეყნები, როდესაც ფასს დაადგენენ, მაგალითად, ლონდონის, ნიუ-იორკის ბირჟები, ასევე რუსეთში ურანის საწვავის გაერთიანებები, ეს ყველა მონაცემი იკრიბება და ამის მიხედვით ხდება ფასთა ცვალებადობა.
სანავთობო ბაზრებზე ფასების არითმია არახალია და ამას გაკვირვება არ სჭირდება. დღეს საღამოს შედგება „პლატცი“, დადგნდება მისი ფასი და ამის მიხედვით განისაზღვრება ახლო მომავალში“,- აღნიშნა იობაშვილმა.
"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარის თქმით, კრიტიკულად აუცილებელია, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დეესკალაცია, რადგან ეს ფაქტორი მთელი მსოფლიოს სანავთობო ფასზე აისახება.
„ამ კონფლიქტის დაშვებაც კი არ შეიძლება, რადგან ეს მსოფლიოს სანავთობო ბაზარზე იმოქმედებს. ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიც კი „პლატცის“ მიერ დადგენილი ფასით გვაწვდის ნავთობს, მას არ აქვს უფლება სხვა ფორმულით გვევაჭროს, ამიტომ ეს ომი გავლენას ჩვენს ქვეყანაშიც მოახდენს“,- თქვა იობაშვილმა.