პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მიწოდებას „სპეცოპერაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ პროცესი საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით მიმდინარეობს.

მისი შეფასებით, ღამით ხელისუფლების მანქანების ესკორტით 35-ტონიანი საწვამზიდების ენგურის ხიდამდე მიცილება და მათი დაუყოვნებლივ გატარება აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს მძიმე ვითარების განმუხტვაში ეხმარება.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ასევე საუბრობს საწვავის მიწოდების ჯაჭვში მონაწილე კომპანია „რეპსოლზე“ და ვარაუდობს, რომ კომპანიას სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შეიძლება დაემუქროს.

ამასთან, გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ქმედებები დამატებით კითხვებს აჩენს, მათ შორის — ხომ არ ხდებოდა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში სხვა სახის საქონლის შეტანაც.

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში შესატანი ბენზინი სოჭში შევიდა და საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს ამოსუნთქვის საშუალება მისცა, ვითარება ამ ქალაქში კვლავ მძიმეა. მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ტურისტები ვერ ბრუნდებიან სახლებში. ამის მიზეზი არა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების უსაწვავოდ დარჩენაა, არამედ დიდი ავტობუსების გაჩერებაც. ამას დაემატა უკრაინის მიერ საჰაერო თავდასხმების გამო სოჩის აეროპორტის შეფერხებით მუშაობაც, რაც კიდევ უფრო ზრდის უკმაყოფილებას ტურისტებში. ადგილობრივი მოსახლეობაც პარალიზებულია.
“ოცნების” ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანას მძიმე ვითარების განმუხტვაში ეხმარება, ორ ფრონტზე ბრძოლის სირთულეს უიოლებს და აფხაზეთში ჩარჩენილი რუსი ტურისტების გაყვანაში ეხმარება. აქედან ჩატანილ საწვავს აფხაზეთის ხელისუფლება ძალოვნებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სხვა სტრუქტურების მომარაგებისთვისაც იყენებს.
წუხელ ღამით ხელისუფლების მანქანების ესკორტით 35 ტონიანი საწვამზიდების ენგურის ხიდამდე მიცილება და მათი დაუყოვნებლივ გატარება კიდევ ერთხელ ააშკარავებს იმ ფაქტს რაც ისედაც აშკარა იყო-რუსეთს საქართველოს ხელისუფლება მაშველ რგოლად იყენებს. გარდა ამისა, ეს სპეცოპერაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევითაც.
რაც შეეხება საწვავის მიწოდების ამ ჯაჭვში მთავარ მონაწილეს, კომპანია “რეპსოლს”, რომელიც ფლობს ავტოგასამართი სადგურების ქსელ “კონექტს”, ის ვერ გადაურჩება სანქციებს. მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც ელოდება. როგორც მთავრობის მიერ დანიშნული შუამავალი ქართული შპს-ს მეპატრონემ განაცხადა, აფხაზეთიდან ხდება რუსული რუბლების ჩანთებით გადმოტანა, აქაურ ჯიხურებში ლარებში გადაცვლა და ნაღდი ფულის სახით რამდენიმე მილიონი ლარის გადაცემა “რეპსოლისათვის”. ეს შავი ფულის აშკარა გათეთრებაა. არც აფხაზეთიდან შემოტანილი ფულის წარმომავლობაა ცნობილი და არც 30 ათას ლარზე მეტი თანხის დეკლარირების ვალდებულებაა შესრულებული. გარდა ამისა, შეუძლებელია ზუსტად იმის დადგენა, თუ რა რაოდენობის ფული შემოვიდა და რა ღირებულების საწვავი იქნა შეძენილი. აქ უკვე შემოსავლების დამალვის ფაქტებთანაც შეიძლება გვქონდეს საქმე.
ხელისუფლების ამ ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებამ სერიოზული ეჭვები გააჩინა: ხომ არ შედიოდა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში სხვა სახის საქონელიც?
თავის დროზე ყველაფერი გაირკვევა-თავად ამ პროცესში მონაწილე ადამიანებისგან შევიტყობთ ამას. განა ერთმანეთის მხილებით არ არიან დაკავებულები “ ოცნების” მაღალჩინოსნები? კიდევ ბევრჯერ მოუწევთ”, - წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, საწვავის მწვავე დეფიციტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთიდან მიწოდება შეფერხდა. კრიზისის ფონზე, საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ენგურის ხიდის გავლით აფხაზეთში საწვავის შეტანა დაიწყო. კომპანია „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ დაადასტურა, რომ აფხაზ პარტნიორებს დაახლოებით 300 ტონა საწვავი მიაწოდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა, რომ საწვავი საქართველოდან შევიდა, თუმცა განაცხადა, რომ მიწოდება კერძო ბიზნესმა განახორციელა და პროცესი კანონმდებლობის ფარგლებში მიმდინარეობდა.