ევროკავშირში განიხილავენ სისტემის დანერგვას, რომელიც ავტომობილს ნებადართული სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში ავტომატურად შეანელებს. თუ ინიციატივა დამტკიცდება, ტექნოლოგიის ახალ ავტომობილებში დანერგვა სავარაუდოდ 2030 წლიდან დაიწყება.

სისტემა დაახლოებით კრუიზ-კონტროლის პრინციპით იმუშავებს, თუმცა სიჩქარის ზღვარს მძღოლის ნაცვლად თავად ავტომობილი განსაზღვრავს. მაგალითად, თუ მანქანა 50 კმ/სთ სიჩქარის ზონიდან 30 კმ/სთ-ის ზონაში შევა, სისტემა ახალ საგზაო ნიშანს ამოიცნობს და ავტომობილის სიჩქარეს თანდათან ნებადართულ ზღვრამდე შეამცირებს.

ტექნიკურად ამის შესაძლებლობა უკვე არსებობს. ევროკავშირში ახალი ავტომობილები აღჭურვილია Intelligent Speed Assistance, ISA სისტემით, რომელიც სიჩქარის შეზღუდვებს ამოიცნობს და მძღოლს გადაჭარბების შესახებ აფრთხილებს. ამ ეტაპზე გადაწყვეტილებას სიჩქარის შემცირების შესახებ თავად მძღოლი იღებს, სამომავლოდ კი ამ ფუნქციის ავტომატიზაცია განიხილება.

ავტომატური შენელების სისტემის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საგზაო უსაფრთხოებაა. სიჩქარის გადაჭარბება ევროპაში ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად კვლავ რჩება.

ეს არ არის ევროკავშირში ავტომობილების უსაფრთხოების ფუნქციების ავტომატიზაციის პირველი მცდელობა. Euro-Pulse-ის ინფორმაციით, 2026 წლის ივლისიდან ევროკავშირში ყველა ახალი ავტომობილი ტექნიკურად მზად უნდა იყოს ე.წ. ალკოჰოლის ბლოკირების სისტემის დასაყენებლად, რომელსაც შეუძლია ძრავის ჩართვა დაბლოკოს, თუ მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაშია.

წყარო: https://euro-pulse.ru/news/v-es-mashiny-mogut-nachat-sami-snizhat-skorost-esli-ona-prevysila-dopustimuyu/