საქართველოს მთავრობა არასტანდარტულ ვაშლს წელსაც დაასუბსიდირებს, ამჯერად სახელმწიფო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2023 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან. საერთო ჯამში ბიუჯეტიდან რამდენი დაიხარჯება არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებაზე მიმდინარე წელს ჯერჯერობით უცნობია.

არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებისთვის გასულ წლებში სულ ბიუჯეტიდან დახარჯულია 22 მლნ ლარზე მეტი. კერძოდ, „არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“ სულ ოთხჯერ განხორციელდა და ბიუჯეტის ფაქტობრივად ათვისება 2014 წელს იყო - 3,470,134 ლარი, 2020 წელს - 4,997,824 ლარი, 2021 წელს კი - 3,641,272 ლარი. 

2022 წელს არასტანდარტულ ვაშლზე სახელმწიფო სუბსიდიამ, რეკორდულ თანხას, 10 მილიონ ლარს გადააჭარბა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 73 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 17.7 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

საერთო ჯამში, ოთხ წელიწადში სახელმწიფომ ვაშლის სუბსიდირებაში 22 მლნ ლარზე მეტი დახარჯა.