საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის შეფასებით, ოქროს ფასების ზრდამ და აღნიშნულის ფონზე კავკასიისა და ცენტრალური აზიის (CCA) ქვეყნების სუვერენული ფონდების და ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს რეზერვების გაზრდამ ამ ქვეყნების საგარეო ფინანსური მდგომარეობა გააძლიერა და რეგიონს საგარეო შოკების მიმართ მდგრადობა გაუუმჯობესა.
Fitch-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული რეგიონის ქვეყნებში ოქროს საერთაშორისო რეზერვები 2023 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც დიდწილად ოქროს შესყიდვები და მისი ფასის ზრდით მიღებული ღირებულებითი ეფექტი განაპირობებდა. თუმცა, სააგენტო აღნიშნავს, რომ რეზერვებსა და ექსპორტში ოქროს წილის ზრდა შესაძლოა რისკის წყაროდაც იქცეს, განსაკუთრებით ოქროს ფასების მკვეთრი ვარდნის შემთხვევაში.
Fitch-ის თანახმად, ოქრო რეგიონში სახელმწიფოების საგარეო ფინანსური ბუფერების უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. უზბეკეთს მსოფლიოში ცენტრალური ბანკის რეზერვებში ოქროს ყველაზე მაღალი წილი აქვს, ხოლო ყირგიზეთის რეზერვების უმეტესი ნაწილიც ოქროზე მოდის. ამასთან, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდის (SOFAZ) აქტივებში, რომელიც ქვეყნის საგარეო ფინანსური ბუფერების მნიშვნელოვანი საფუძველია, ოქროს მნიშვნელოვანი მოცულობაა განთავსებული.
სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ ოქროს მაღალი წილი მთლიანობაში საგარეო მდგრადობას ხელს უწყობს რეგიონში, სადაც ისტორიულად მაღალი იყო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის წილი და ფინანსური სექტორის დოლარიზაციის დონე.
Fitch-ის შეფასებით, ოქროს ფასების ზრდამ ასევე დადებითად იმოქმედა ოქროს ექსპორტიორი ქვეყნების საგადასახდელო ბალანსებზე. მაგალითად, უზბეკეთის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2023-2025 წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა, რასაც ოქროს ექსპორტის ზრდამ შეუწყო ხელი.
ოქროს ფასებისა და ექსპორტის დინამიკის შედეგად სარგებელი მიიღო ყირგიზეთმაც, თუმცა სააგენტო აღნიშნავს, რომ ქვეყნის საექსპორტო მაჩვენებლები უფრო მერყეობდა. ამასთან, რეგიონში გაუმჯობესდა მიმდინარე საგარეო გადახდების რეზერვებით დაფარვის მაჩვენებელი, ხოლო საერთაშორისო რეზერვების ადეკვატურობა CCA-ის ყველა სუვერენული ქვეყნის საკრედიტო შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება.
ამასთან, Fitch ოქროზე მზარდ კონცენტრაციას საკრედიტო სარგებლის შემზღუდველ ფაქტორად მიიჩნევს. სააგენტოს შეფასებით, განსაკუთრებით მაღალია ოქროს ფასების მკვეთრი ვარდნის მიმართ ყირგიზეთისა და უზბეკეთის მოწყვლადობა.
ასეთ შემთხვევაში ოქროს მწარმოებელ ქვეყნებში შესაძლოა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის, ფისკალური მაჩვენებლებისა და საგადასახდელო ბალანსის მდგომარეობის გაუარესება, ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც ოქროს წილი საერთაშორისო რეზერვებში მაღალია, თავად რეზერვების ღირებულების შემცირება.