აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ბიზნესმენი ნიკა გილაურის საკუთრებაში არსებული სახლი წავკისში აუქციონის შედეგად 3 998 320 ლარად გაყიდა,- ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა.
ქონების პირველი აუქციონი 2026 წლის 12 ივნისს ჩატარდა. მაშინ მისი საწყისი ღირებულება 3.657 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ტენდერი შედეგის გარეშე დასრულდა.
განმეორებითი აუქციონისთვის ქონების საწყისი ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა და 487 600 ლარი გახდა. ეს თანხა ქონების შეფასებული ღირებულების — 4.876 მილიონი ლარის — 10%-ს შეადგენდა.
16 ივლისს გამართულ განმეორებით აუქციონზე აქტიური ვაჭრობა შედგა. საბოლოო ფასმა 72 ბიჯის შემდეგ თითქმის 4 მილიონ ლარს მიაღწია.
აუქციონზე წარმოდგენილი ქონება 3 368 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთსა და 1 157 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ სახლს მოიცავდა. ქონების აღწერაში ასევე ფიგურირებს საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები და ფარეხი.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქონების მფლობელი აუქციონის შემდეგ ვანო სტურუა გახდა. ბიზნესმენი რესტორნების ქსელების „თაღლაურასა“ და „მაჭახელას“ მფლობელია და სხვა კომპანიებშიც ფლობს წილებს.
ქონების იძულებით რეალიზაციას საფუძვლად ნიკა გილაურისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ არსებული სასამართლო დავა დაედო. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 12 თებერვალს გილაურსა და მის პარტნიორ კომპანიებს ყოფილი ბიზნესპარტნიორის, „ბლექსი გრუპის“ სასარგებლოდ 12 მილიონ დოლარზე მეტი თანხის გადახდა დააკისრა.
გილაურის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში გაასაჩივრა, თუმცა ორივე ინსტანციამ ქვედა სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამის შემდეგ ნიკა გილაურისა და მისი პარტნიორების ქონებას ყადაღა დაედო და აღსრულების ფარგლებში მისი რეალიზაცია დაიწყო.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, წავკისში მდებარე აღნიშნული სახლი 2018 წლიდან ნიკა გილაურის სახელზე საქართველოში რეგისტრირებული ერთადერთი საცხოვრებელი ქონება იყო. აუქციონიდან მიღებული თანხა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების აღსრულებას მოხმარდება.