ბელგიელმა მყვინთავმა სტეფან პანისმა ლა-მანშის სრუტეში 30 მეტრის სიღრმეზე ჩაძირულ გემზე 162 წლის Guinness–ის ლუდის დაუზიანებელი ბოთლი აღმოაჩინა, – ამის შესახებ Le Figaro წერს.
ბოთლი ბრიტანული სატვირთო გემის ნამსხვრევებს შორის იპოვეს. ამ აღმოჩენამ შესაძლოა მკვლევრებს უთხრას, რისგან მზადდებოდა ცნობილი სტაუტი მე-19 საუკუნეში, ასევე რა ცვლილებები შეიძლებოდა მომხდარიყო მისი ხანგრძლივი წყალქვეშ ყოფნის დროს.
„შევნიშნე ეს ბოთლი, რომელიც იყო განსაკუთრებული; შამპანურის ბოთლს ჰგავდა. ამიტომ ჩანთაში ჩავდე და ზედაპირზე ამოვედი რომ მენახა, რამე ხომ არ ეწერა. და აღმოვაჩინე წარწერა „Guinness Extra Stout London“ ვიპოვე“, - იხსენებდა მყვინთავი.
რამდენიმე თვის განმავლობაში სტეფან პანისი Guinness–ის ლუდის ბოთლს მაცივარში, ცივ წყალში ჩაძირულს, სინათლისგან მოშორებით ინახავდა. საბოლოოდ, მეგობარმა, რომელიც ასევე მყვინთავია, ის ბელგიაში, ლევენის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგებთან დააკავშირა.
„თუ ისინი იმ დროს გამოყენებული ალაოს მსგავს ალაოს იპოვიან, ეს საშუალებას მოგვცემს, ხელახლა დავამზადოთ ეს მე-19 საუკუნის Guinness–ი“, - ამბობს პანისი.
მიუხედავად იმისა, რომ ბოთლზე წერია „Guinness Extra Stout London“, იმ დროს გავრცელებული პრაქტიკა იყო გინესის პირდაპირ ირლანდიიდან შეძენა, სადაც მას ხარშავდნენ, შემდეგ კი ხის კასრებში ლონდონში გაგზავნა. იქიდან სტაუტი სქელ შუშის ბოთლებში გადაჰქონდათ, რათა დიდ ბრიტანეთსა და კანადას შორის ხანგრძლივი საზღვაო მოგზაურობისთვის გაეძლო. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო გემმა დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია, ბოთლის გამძლეობამ მას ლა-მანშის სრუტის სიღრმეში 162 წლის განმავლობაში გადარჩენის საშუალება მისცა, წერს Le Figaro.