მომდევნო 3–5 წლის განმავლობაში machine learning-ის (მანქანური სწავლება - AI-ის ნაწილი) გამოყენებამ შესაძლოა მედიკამენტების შექმნის დრო და ხარჯები გაანახევროს. ამ თემაზე სტატიას Reuters-ი აქვეყნებს და წერს, რომ ფარმაცევტული კომპანიები ხელოვნურ ინტელექტს განსაკუთრებით ახალი მედიკამენტების აღმოჩენისა და განვითარების პროცესში სულ უფრო აქტიურად ნერგავენ. მთავარი მოტივაციაა ახალი წამლების უფრო სწრაფად და იაფად შექმნა.
AI რამდენიმე მიმართულებით გამოიყენება. მათ შორისაა ახალი სამიზნეების აღმოჩენა — AI დიდი მოცულობის ბიოლოგიურ და გენეტიკურ მონაცემებს აანალიზებს იმის დასადგენად, რომელი ცილა, გენი თუ ბიოლოგიური მექანიზმი შეიძლება გახდეს ახალი პრეპარატის სამიზნე.
მოლეკულების დიზაინი — ალგორითმები ეხმარება მკვლევრებს ისეთი მოლეკულების შერჩევასა და შექმნაში, რომლებსაც შესაძლოა სასურველი სამკურნალო ეფექტი ჰქონდეთ.
კლინიკური კვლევების დაგეგმვა — AI-ს შეუძლია მონაცემების ანალიზი და პაციენტების შერჩევის პროცესის გაუმჯობესება, რაც კვლევების დაჩქარებას უწყობს ხელს.
ავტომატიზებული ლაბორატორიები — რობოტიზებული სისტემები და AI ერთად გამოიყენება ექსპერიმენტების უფრო სწრაფად და დიდი მასშტაბით ჩასატარებლად.
სპეციალისტების თქმით, ინდუსტრიის პროგნოზები საკმაოდ ამბიციურია: შემდეგი 3–5 წლის განმავლობაში machine learning-ის გამოყენებამ შესაძლოა ადრეული ეტაპის წამლის განვითარების დრო და ხარჯები განახევროს.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან ახალი წამლის შექმნა ტრადიციულად ძალიან ხანგრძლივი, ძვირი და მაღალი რისკის პროცესია. AI-ის იდეა არის, რომ კომპანიებმა უფრო ადრე დაადგინონ - რომელი კანდიდატი იმუშავებს და რომელი — არა, ანუ წარუმატებელ პროექტებზე ნაკლები დრო და ფული დახარჯონ.
ფარმაცევტულ კომპანიებს AI-ში მარტო საკუთარი ძალებით ინვესტირება არ სურთ. ისინი აქტიურად აფორმებენ პარტნიორობის ხელშეკრულებებს AI-კომპანიებთან, ბიოტექებთან და ტექნოლოგიურ კომპანიებთან.
ანუ ინდუსტრიაში მიდგომა იცვლება: AI აღარ განიხილება მხოლოდ როგორც დამხმარე პროგრამა, არამედ როგორც წამლის აღმოჩენისა და განვითარების პროცესის ერთ-ერთი ძირითადი ტექნოლოგია. სააგენტოს მოჰყავს Pfizer-ის მაგალითი, რომელიც აქტიურად ნერგავს AI-ს წამლების აღმოჩენისა და განვითარების პროცესის დასაჩქარებლად.
Reuters-ს ასევე მოჰყავს ფარმაცევტული გიგანტის 2025 წლის იანვრის შეთანხმება AI-ბიოტექ კომპანია PostEra-სთან, რომლის პოტენციური ღირებულება $610 მილიონამდეა.
შეთანხმების შედეგად გაფართოვდა თანამშრომლობა ახალი წამლების, მათ შორის ანტისხეულ-წამლის კონიუგატების შესაქმნელად. Pfizer-ი PostEra-ს AI პლატფორმას Proton-ს წამლების მოლეკულების დიზაინისა და ოპტიმიზაციისთვის იყენებს.