„საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკის თავისუფლების და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მუდმივ გაჯანსაღებას ეფუძნება და მიმართულია ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის ჩამოყალიბებისკენ. მთავრობის პოლიტიკის მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის მდგრად განვითარებას და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებას“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, "ელჩების კონფერენცია 2024-ზე” განაცხადა. 

მინისტრმა სონღულაშვილმა კონფერენციაზე  სამინისტროს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

სონღულაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ, ბოლო 12 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა. მისი განმარტებით, მიზანია, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაზარდოს ქვეყნის გავლენა გლობალურ ასპარეზსა და გლობალურ ბაზრებზე შეღწევადობაზე.

„აგრარული დარგის განვითარებისთვის არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება. 2025-2028 წლებში სახელმწიფოს მიერ დარგის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. განსაზღვრულია 3 მილიარდ ლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა პანელური დისკუსიის მიმდინარეობისას გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფაზეც გაამახვილა ყურადღება.

დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქართული ღვინისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის ამაღლებისთვის დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებზე და ბაზრების დივერსიფიკაციისთვის გამიზნულ პროგრამებზეც. მისი მტკიცებით, ამ სამუშაოების გაწევის შემდეგ, სამინისტროს მოლოდინი აქვს, რომ 2028 წლისთვის ღვინის ექსპორტი 500 მლნ დოლარს მიაღწევს.