2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებებზე რეკორდული თანხა - 153 მილიონი ლარი დახარჯა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.6 მილიონი ლარით მეტია. ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.
ციფრები აჩვენებს, რომ შტატგარეშე ბიუროკრატიის მასშტაბები იზრდება.
აღმოჩნდა, რომ 2024 წელს მთავრობამ შტატგარეშე მოხელეებზე რეკორდული 606 მილიონი ლარის ხელფასები გასცა. ყოველწლიურად ამ კატეგორიის დასაქმებულთა ანაზღაურებები მზარდი ტენდენცია ფიქსირდება. დიდი ალბათობით, მოსალოდნელია, რომ ის წელს კიდევ გაიზრდება.
გაზრდილია შტატგარეშე სტატუსით დასაქმებული პირების რაოდენობაც. 2024 წელს სამინისტროებსა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში სულ 73,616 შტატგარეშე პირი საქმიანობდა, ეს რაოდენობა 2023 წელთან შედარებით 14,500-ით, ანუ 24%-ით მეტია. თუმცა, ეს მატება ძირითადად განპირობებული იყო საქსტატის მიერ ნოემბერ-დეკემბერში საყოველთაო აღწერის ჩატარებით, რისთვისაც 11,919 ადამიანი დასაქმდა. მაგრამ მათზე გაცემული ხელფასები მთლიანად შტატგარეშე დასაქმებულების ხელფასის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენდა და 10 მილიონი ლარი იყო, რადგანაც ეს დასაქმება მხოლოდ მოკლევადიან სახეს ატარებდა.
2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, ამ წელს ცენტრალური მთავრობის სსიპ-ებსა და აიპ-ებში შტატგარეშეთა რიცხვი 58,306 იყო, 2021-ში 50,561 შტატგარეშე პირი, 2020-ში კი 45,027 შტატგარეშე. გამოდის, რომ ბოლო 5 წელში ზრდა 63%-ია. ეს მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას მოიცავს და მასში არ შედის ადგილობრივი თვითმმართველობებს დაქვემდებარებული ათობით სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში დასაქმებული პირები.
რა სახის სამუშაოს ასრულებენ შტატგარეშე სტატუსით დასაქმებული პირები:
საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, შტატით და უშტატოდ დასაქმებულ პირებს შორის მთელი რიგი სამართლებრივი სხვაობები არსებობს. შტატში მყოფი პირები თანამდებობაზე ინიშნებიან უვადოდ. მათი კონკურსის შედეგად შერჩევის, კვალიფიკაციის, დანიშვნისა და გათავისუფლების წესები მკაფიოდ არის განსაზღვრული. ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული ამ პირების ანაზღაურების საკითხიც.
შტატგარეშე სტატუსით დასაქმებულ პირებს კი კანონმდებლობის თანახმად "შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები" ეწოდებათ. შტატიანი მოხელეებისგან განსხვავებით, მათი დასაქმების კონტრაქტები არის ვადიანი და ის მიბმულია იმ სამუშაოს ხანგრძლივობაზე, რომლის შესასრულებლადაც მათი დაქირავება მოხდა. ამასთან, კანონის თანახმად არ შეიძლება შტატგარეშე პირს უწყებამ მისი მუდმივი და ძირითადი სამუშაოს შესრულება დააკისროს.
კანონის თანახმად შტატგარეშე დასაქმებულის განმარტება ასეთია:
"შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება,"- ნათქვამია საჯარო სამსახურის შესახებ კანონში.
საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში მოქმედებს უფრო მარტივი შესარჩევი პროცესი და ხშირ შემთხვევაში მათი ფუნქცია-მოვალეობებიც ბუნდოვნად არის გაწერილი, ეს კი თავის მხრივ ამ კატეგორიის დასაქმებისას კორუფციული რისკებს ზრდის.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორისთვის სამინისტროების მიერ წარდგენილი ინფორმაცია მათ მიერ დაქირავებული შტატგარეშე პირების რაოდენობისა და 2024 წელს ამ პირებზე გაცემული ანაზღაურებების შესახებ: