საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკულმა ასოციაციამ (IHA) ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს მსოფლიოში დადგმული სიმძლავრე 1,416 გგვტ-მდე გაიზარდა.
გასულ წელს ჰიდროელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე გლობალურად 7.2 გგვტ-ით გაიზარდა და 1,237 გიგავატს მიაღწია, ხოლო ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების დადგმული სიმძლავრე 6.5 გგვტ-ით, 179 გიგავატამდე გაიზარდა.
IHA-ს ანგარიშში საუბარია საქართველოზეც. ასოციაციის ინფორმაციით, გენერაციის ახალი სიმძლავრეების მიხედვით, საქართველო 54 ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა. გასულ წელს საქართველოში მხოლოდ 6 მცირე ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეც 9 მგვტ-მდე იყო.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რეიტინგში 49 მგვტ ახალი სიმძლავრით 29-ე ადგილზეა სომხეთი, აზერბაიჯანი 147 მგვტ ახალი გენერაციით მე-17 ადგილზეა, ხოლო თურქეთი, 399 მგვტ-ით, მე-8 პოზიციას იკავებს.
გლობალური რეიტინგის სათავეში, 6,749 მგვტ ახალი დადგმული სიმძლავრით, ტრადიციულად ჩინეთია.