საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 4 მარტს მიღებული ცვლილებების მიხედვით, მეწარმე იურიდიულ პირებსა და მათ ხელმძღვანელებს „საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის“, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება მათ ძირითად სამეწარმეო საქმიანობას, პირველად დარღვევაზე 20 000-ლარიან ადმინისტრაციულ ჯარიმას, ხოლო განმეორებით შემთხვევაში — სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათ შორის კომპანიის ლიკვიდაციას ან 3-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას უწესებს.
იურიდიული კომპანია GT consulting-ის პარტნიორი ვასილ ჟიჟიაშვილი „კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებები საკმაოდ ბუნდოვანია და აუცილებელია მათი გაუქმება მოხდეს.
“მეწარმეთა შესახებ მიღებული კანონი ძალიან ბუნდოვანია. კეთილსინდისიერი მეწარმე, რომელსაც უნდა რომ დაემორჩილოს კანონს, მანაც კი რომ აჩვენოს იურისტებს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს დარღვევად და რა არა, დარწმუნებული ვარ შეუძლებელი იქნება ამ კანონის სულისკვეთების გაგება. ისეთი პოლიტიკური აქტივობა, რომელიც მეწარმის ძირითად საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული, ძალიან ბუნდოვანია. კანონი ამბობს, რომ ესეთ საქმიანობას მიეკუთვნება ნებისმიერი ისეთი საქმიანობა საჯაროდ განხორციელებული, რომელიც საზოგადოების რაიმე ნაწილზე ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.
ცხადია ადამიანი, მეწარმე იქნება ეს თუ კომპანია, რაღაც განცხადებას როცა ავრცელებს, მას უნდა რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყროს და შესაბამისად ნებისმიერი განცხადება შეიძლება ჩაითვალოს ამ კანონის დარღვევად. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ფუნდამენტური უფლებაა მეწარმისა და ბიზნესის, რომ ისაუბრონ მათ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე არა მხოლოდ იმ საქმეზე, რომელსაც ის აკეთებს, არამედ იმაზე თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორ წარმოუდგენია კომპანიას საზოგადოების განვითარება და ასე შემდეგ. ეს აზრები და იდეების ბრენდის ნაწილიც შეიძლება გახდეს“, - განაცხადა ვასილ ჟიჟიაშვილმა.