ენერგოომბუდსმენ ნინო გულეიშვილის თქმით, ბოლო წლებში ყველაზე მეტი შეტყობინება ელექტროენერგიის არასტაბილურ მიწოდებასა და ხშირ წყვეტებთან დაკავშირებით მარტვილიდან, თერჯოლიდან, ტყიბულიდან და ხარაგაულიდან შევიდა. როგორც გულეიშვილი "კომერსანტის" ეთერში განმარტავს, ადგილობრივებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად შესწავლილი შემთხვევების შემდეგ დადგინდა, რომ პრობლემები ძირითადად დაბალ ძაბვასა და დაზიანებულ ინფრასტრუქტურას უკავშირდებოდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობდა, მათი დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ზამთარში უფრო სტაბილურ ენერგომომარაგებას ელოდებიან.
,,მარტვილი, თერჯოლა, ტყიბული, ხარაგაული - ყველაზე მეტი შეტყობინება ელექტროენერგიის არასტაბილურ მიწოდებასა და ხშირ წყვეტებთან დაკავშირებით ჩამოთვლილი ქალაქებიდან მივიღეთ. სურათი ნამდვილად არასახარბიელო დაგვხვდა. აღვწერეთ თითოეული შემთხვევა მომხმარებლებთან და სოფლებში მერის წარმომადგენლებთან ერთად. დეტალური ინფორმაცია მივიღეთ, კონკრეტულ სოფელში რა პრობლემა იყო, სად იყო არასტაბილური მიწოდება, დაბალი ძაბვა, დაზიანებული ბოძები. ვერ ვიტყვი, რომ პროცესები ისე სწრაფად განვითარდა, როგორც ჩვენ ვითხოვდით, მაგრამ სამუშაოების დიდი ნაწილი კომპანიას შესრულებული აქვს და ველოდებით, რომ ზამთარს ბევრად უფრო სტაბილურად შევხვდებით.
ცალკე თემაა დაბალი ძაბვა, რაც გამოწვეულია მოხმარების გაზრდით. აქ უკვე სატრანსფორმატორო ჯიხურებია ჩასამატებელი ან გასაძლიერებელია კვება. ეს უფრო მასშტაბური სამუშაოებია, თუმცა, ეტაპობრივად კომპანია ამასაც ახორციელებს",- ამბობს გულეიშვილი.
ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია გაზის დანადგარების შემოწმების პროცესი, რომლის შედეგებიც ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი. როგორც უწყებაში აცხადებენ, თითოეული კომპანია წარმოადგენს დეტალურ ცხრილებს არსებული მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც მოხდება მონაცემების ანალიზი და გაიმართება შეხვედრები შესაბამის კომპანიებთან.
,,უკვე დაწყებულია გაზის დანადგარების შემოწმების პროცესი. ოქტომბრის ბოლოს თითოეული კომპანია გადმოგვიგზავნის ცხრილებს, სადაც ზუსტი მონაცემები გვექნება. მიღებული მონაცემების ანალიზის შემდეგ, კომპანიებთან შეხვედრებს გავმართავთ და ერთობლივ ზომებს მივიღებთ. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ კომპანიებთან ერთად მომხმარებლებს უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვისკენ მოვუწოდებთ. ასევე, ეს არის შემთხვევა, როცა კომპანიებსა და მომხმარებლებს თანაბარი წილი პასუხისმგებლობა აქვთ. თუ მომხმარებელი არ დაიცავს უსაფრთხოების ნორმებს, კომპანია მარტო ვერაფერს გახდება გარდა იმისა, რომ იძულებულია, მიწოდება შეუწყვიტოს, საკმაოდ რთულია და ზოგჯერ პატრულის გამოძახებაც კი ხდება ხოლმე საჭირო",- თქვა ენერგოომბუდსმენმა ნინო გულეიშვილმა რადიო "კომერსანტის" ეთერში.