ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში 2025 წელს დაახლოებით 6.3% იყო. ბოლო წლებში მაჩვენებელი სტაბილურად 6%-დან 7%-მდე მერყეობს.

Galt & Taggart-ის შეფასებით, სექტორის წილი განვითარებული ლოგისტიკური ჰაბების მაჩვენებლებს ჩამორჩება, რაც საქართველოსთვის დამატებითი ზრდის შესაძლებლობაზე მიუთითებს.

შედარებისთვის, კვლევაში წარმოდგენილ ქვეყნებს შორის ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორის წილი ზოგიერთ ეკონომიკაში 7%-დან 10%-მდე აღწევს. თუმცა მხოლოდ მშპ-ში წილი ქვეყნის ლოგისტიკურ ეფექტიანობას სრულად ვერ ასახავს. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის ხარისხი, ტვირთის დამუშავების სისწრაფე, პორტებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობა, საბაჟო პროცედურები და პროფესიონალური ლოგისტიკური მომსახურების ხელმისაწვდომობაც.

საქართველოს შემთხვევაში ზრდის მთავარ შესაძლებლობებად სახელდება საერთაშორისო ტვირთბრუნვის მატება, თანამედროვე საწყობების მშენებლობა, 3PL მომსახურების განვითარება და ელექტრონული კომერციის გაფართოება. ამავე დროს, სექტორის ეკონომიკური აქტივობა კვლავ თბილისსა და საპორტო ქალაქებშია კონცენტრირებული.