„კვლავ ვხედავთ ანომალიას, როდესაც ეკონომიკა კვარტალში იზრდება 7%-ით და პარალელურად იზრდება უმუშევრობაც“, - ამის შესახებ ეკონომისტი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი გოგა ხიშტოვანი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს.
ინფორმაციისთვის, 2025 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ მეორე კვარტალში 14.3% შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
როგორც გოგა ხიშტოვანი აღნიშნავს, უმუშევართა რაოდენობის ზრდა, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია იმით, რომ რეალური ეკონომიკური ზრდის პროცესი შენელდა.
„კვლავ ვხედავთ ანომალიას, როდესაც ეკონომიკა კვარტალში იზრდება 7%-ით და პარალელურად იზრდება უმუშევრობაც. კითხვის ნიშნები რჩება ეკონომიკური ზრდის სტატისტიკასთან დაკავშირებით, რადგან არაადეკვატურია ამ ორი მაჩვენებლის დიამეტრული მოძრაობა. რაც შეეხება მიზეზებს, ჩემი აზრით, ეს, პირველ რიგში, კავშირში არის რეალური ეკონომიკური ზრდის შენელებასთან. ეს არ ჩანს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში, რადგან ვირტუალური ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ამ ზრდას, ჩემი აზრით, კავშირი არ აქვს რეალურ ეკონომიკურ ზრდასთან“, - აღნიშნავს ეკონომისტი.
როგორც მანვე დასძინა, რეალური ეკონომიკური ზრდის შენელება, როგორც წესი, ყველაზე ადრე აისახება თვითდასაქმებულებზე და ეს იკვეთება სტატისტიკიდანაც.
მაგალითად, საქსტატის მონაცემებით, წელს მეორე კვარტალში წლიურად 29.3 ათასით შემცირდა თვითდასაქმებულთა რიცხვი, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 4.7 ათასით, ხოლო უმუშევართა რიცხვი 7.9 ათასით გაიზარდა.
ეკონომისტი განმარტავს, რომ თუ რეალური ეკონომიკური ზრდის შენელების ტენდენცია გაგრძელდა, უმუშევრობის ზრდა აისახება დაქირავებით დასაქმებულთა კატეგორიაზეც.
„ადეკვატურია, რომ, როდესაც ქვეყანაში რეალური ეკონომიკური აქტივობა ნელდება, იზრდება უმუშევრობა. საინტერესოა ჩაშლა, თუ სად იზრდება უმუშევრობა. ვხედავთ, რომ შემცირდა თვითდასაქმებული ადამიანების რაოდენობა წინა წლის შესაბამის კვარტალთან მიმართებაში. ესეც ახსნადია, რადგან როდესაც ეკონომიკური აქტივობა ნელდება, უპირველეს ყოვლისა, ეს ეხებათ მცირე ბიზნესის თვითდასაქმებულ ადამიანებს. ეს პირველ ეტაპზე აისახება სწორედ მათზე, რადგან დროითი შუალედი არსებობს მანამ, სანამ ეკონომიკური დაღმასვლა დასაქმებაზე აისახება.
ამ ნაწილში ძალიან საინტერესოა, რომ, პირველ რიგში, უმუშევრობის ზრდა შეეხო თვითდასაქმებულებს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი მოვლენაა, რადგან საქართველოს შრომით ბაზარზე ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი უმუშევრებთან ერთად არიან თვითდასაქმებულები; მათი შემოსავლებიც უფრო დაბალია. თუ ეს ტრენდი გაგრძელდა, სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან უმუშევრობის ზრდა აისახება დაქირავებით დასაქმებულებზე. როგორც მინიმუმ, ყველა ვხედავთ, რომ ახალ დასაქმებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ადგილი არ აქვს და დაქირავებით დასაქმებულებში სტატუს კვოს შენარჩუნება ხდება, თვითდასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, უმუშევრობა კი იზრდება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გოგა ხიშტოვანმა.