დილაადრიან, განსაკუთრებით ნაწვიმარზე, ზანტად მიმავალი ლოკოკინები ვის არ უნახავს. თუმცა ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ერთ დღეს ისინი შემოსავლიან ბიზნესად იქცა. დაახლოებით 5 წლის წინ საქართველოს სხვადასხვა კუთხის არაერთ სოფელში ერთდროულად გაიხსნა ჩვენში გავრცელებული ველური ლოკოკინების ჩამბარებელი პუნქტები. იმხანად მოსახლეობას 1 კილოგრამი ლოკოკინას შეგროვებაში 80 თეთრს უხდიდნენ, ამჟამად კი კილოგრამ გარეულ ლოკოკინას 1 ლარად იბარებენ. სწორედ გარეულს და არა ლოკოკინების ფერმისას, რომელიც არაერთ ადგილას არის გახსნილი და ტონობით ლოკოკინას აწარმოებენ.
დღესდღეობით ლოკოკინას იბარებენ ქართლ-კახეთისა და იმერეთის სოფლებში, სადაც ამ საქმეზე არაერთი ჩვენი მოქალაქე მუშაობს, განსაკუთრებით მოზარდები, სკოლისგან დასვენების დღეებში. "კვირის პალიტრა" ლოკოკინების შემგროვებელ კობა ცხადაძეს გორში გაესაუბრა. ის ლოკოკინების ჩაბარებაზე იმ დროიდან მუშაობს, რა დროსაც გორში ლოკოკინების ჩამბარებელი პუნქტი გაიხსნა.
- საქართველოში ლოკოკინას მიმღები კიდევ 17 პუნქტია გახსნილი, გორში კი ლამის ყველა სოფელშია. რა გამოდის, გორის ბაღებში ყველაზე მეტი ლოკოკინაა?
- ლოკოკინას ბიზნესი საქართველოში დიდი ხანია დაიწყო, ერთიმეორის მიყოლებით გაიხსნა ლოკოკინას ფერმები. როგორც ამბობენ, მთელ ევროპაში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში, ლოკოკინაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ფერმებიც სწორედ ამიტომ გაიხსნა. თუმცა, როგორც ვხვდები, ფერმებზე მეტი მოგება გარეულ ლოკოკინას მოაქვს, რადგან ბუნებაში ის თავისთავად მრავლდება, ხარჯს არ მოითხოვს. ამიტომ არის, რომ ძალიან ბევრი შემგროვებელი პუნქტი გაიხსნა. მაგალითად, გორის სოფლებში უამრავი პუნქტია.
საქართველოში ველური ლოკოკინა ყველგან არის, განსაკუთრებით ვაზზე, იმიტომაც ვეძახით ვაზის ლოკოკინას. დილით რომ გამოხვიდეთ კახეთში, გადავსებულია ვაზები, ლოკოკინები ყლორტებსაც ჭამენ და ფოთლებსაც, გორის სოფლებში კი ბლომად მარცვლეულის ნათესები და ბაღებია, ცხადია, იქნება ლოკოკინა, აბა, რა. ხალხისგან ხშირად გამიგონია, გადაძოვეს ყველაფერი, ჩვენ თავად შეგიგროვებთ და გაგატანთ, ოღონდ წაიყვანეთო.
- არც ეგრე უნდა იყო საქმე, სოციალურ ქსელში ბევრგან წერენ, თუ ამ ტემპით გაანადგურეს ლოკოკინა, საქართველოში ეს სახეობა გაქრებაო.
- სხვათა შორის, თუ ლოკოკინას დიამეტრი არ აღემატება 26 მმ-ს, არ ჩაიბარებენ. მათ გამრავლებას საფრთხე არ უნდა დაემუქროს.
- მაინც რამდენია საშუალო მაჩვენებელი, შემგროვებელს რამდენი ლოკოკინას შეგროვება შეუძლია დღეში?
- ყოფილა შემთხვევა, რამდენიმე საათში 150 კგ ლოკოკინა შემიგროვებია. ზოგი თვეში 2000 ლარამდეც გამოიმუშავებს.
- წლის რომელი დროის განმავლობაში აგროვებთ ლოკოკინას?
- დაახლოებით მარტის ბოლოდან სექტემბრამდე. შემდეგ ლოკოკინა, როგორც დათვი, საზამთროდ დასასვენებლად ემზადება, შეიკეტება ნიჟარაში და იძინებს.
- საბოლოოდ სად მიდის შეგროვებული ლოკოკინები?
- საბოლოოდ საფრანგეთში, მანამდე კი წილკნის ქარხანას ვაბარებთ. ის ამუშავებს ლოკოკინას, რეცხავს და ნიჟარისგან აცალკევებს. სამი წელიწადია ქარხანა აშენდა და კარგად მუშაობს. როგორც ვიცი, შარშან საფრანგეთში 100 ტონა დამუშავებული ლოკოკინა გავიდა. ანუ 17 მილიონი ცალი. ცალკე ნიჟარასაც გზავნიან საზღვარგარეთ.
- თავად თუ გიჭამიათ ოდესმე ლოკოკინას კერძი?
- არც მიჭამია და არც ვჭამ, მაგრამ სადღაც ხომ მოსწონთ! როგორც ვიცი, ჩვენს ახალციხე-ახალქალაქშიც გეახლებიან და ამბობენ, ძალიან გემრიელიაო. ისე, შეგროვება ძნელი არ არის, გამთენიისას ლოკოკინა უამრავია ბაღ-ვენახებში, ზოგან იმდენად ბევრი, რომ ხალხს აწუხებენ, ბალახს უძოვენ.
- თავადაც მსმენია, რომ ლოკოკინა გემრიელია. ჩვენი ლოკოკინა საფრანგეთში, ალბათ, იმიტომ მოსწონთ, რომ ველური ბუნებიდანაა და ბუნებრივი კვებით საზრდოობს.
- გეთანხმებით. სხვათა შორის, ლოკოკინას გემო განისაზღვრება იმ ბალახეულით, რომელსაც ბაღებში ჭამს. ხშირად გამიგონია, იმერლებს უთქვამთ ქართლელებისათვის, ჩვენი ლოკოკინა თქვენი ლოკოკინასაგან გემოთი განსხვავდებაო. ასეც არის, ეს სულიერი როდის როგორ მწვანე ბალახს ჭამს, მისი გემოვანი თვისებები ამაზეა დამოკიდებული. იმასაც ამბობენ, მოთხოვნა უფრო ველურ ლოკოკინაზეა, ვიდრე ადამიანის გამოზრდილზეო.
-ასეც იქნება, ველურ გარემოში ყველაფერი ჯანსაღია. მომავალში, ალბათ, გაზრდიან უცხოეთში გატანილი ლოკოკინას რაოდენობას. გადამმუშავებელი საწარმოებიც მოიმატებს.
-ვნახოთ. თუ ასე იქნება, კიდევ მეტი მუშახელი გახდება საჭირო. მთავარია, ველური ლოკოკინა არ გავანადგუროთ, რაც, დარწმუნებული ვარ, ყველა შემგროვებელს გვახსოვს.