ფინანსისტ და ბიზნესის მრჩეველ ნიკოლოზ შურღაიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, 2028 წლამდე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ კოლოსალურ პრობლემებს მოიტანს საქართველოსთვის, თუ დროულად არ დავუბრუნდით კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროატლანტიკურ მიმართულებას.

„ჩვენს ქვეყანაში ინსტიტუციები იშლება, იკარგება ნდობა, ითესება შიში, აგრესია და შეიძლება, დიდ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეთ. ამ ყველაფრის გამოსწორება ახლა ძალიან რთულია, მაგრამ არ არის შეუძლებელი. ქართული ოცნებას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა გაიაზროს და გამოასწოროს საკუთარი შეცდომები. ამ და სხვა ფუნდამენტური ფაქტორების ლარის კურსზე გავლენის თვალსაზრისით, არსებული კითხვები ეროვნული ბანკის მართვა-გამგეობის ხარისხის მიმართ და ამით გამოწვეული საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის არარსებობა სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს. ეს ყველაფერი, ოფიციალური სავალუტო რეზერვების სიმწირესთან ერთად, ლარის კურსზე ნეგატიურად აისახება.

ახლახან სებ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება 5 საპროცენტო პუნქტით გაეზარდა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები კომერციული ბანკების მიმართ. ეს სესხების დოლარიზაციის არასასურველობით ახსნეს. ასე ჩანს, რომ რეალურად ცდილობენ, ამ თანხის კომერციული ბანკებიდან სებ-ში გადატანით რაც სავარაუდოდ 500 მლნ დოლარს შეადგენს, სავალუტო რეზერვების ზრდის სურათი შექმნან. რეალურად, ეს კომერციული ბანკების ფულია და სებ წმინდა რეზერვს არ ზრდის. რეალური სურათის დასანახად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ წმინდა და არა მთლიანი რეზერვების დინამიკა. წლების წინ კომერციული ბანკებისადმი სარეზერვო მოთხოვნებით მანიპულაციებს თურქეთის ცენტრალური ბანკი აკეთებდა. ერთი დოლარი ათი წლის წინ დაახლოებით 2 ლირა იყო და ახლა - 22-ია“ - თქვა ნიკოლოზ შურღაიამ.

ფინანსისტ და ბიზნესის მრჩევლის თქმით, საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი თავისუფალი ბიზნესგარემოსა და ქვეყნის დასავლური კურსის გამო იყო. 

,,დღევანდელ ვითარებაში მწვავე პრობლემად იქცევა ქრონიკული სავაჭრო დეფიციტი და დიდი დეფიციტი მიმდინარე ანგარიშში, რაც მე-2 კვარტალის ბოლოს მშპ-ს 7.3% იყო. ჩვეულებრივ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი უცხოური კაპიტალის შემოდინებით და შიდა აქტივების გაყიდვით ივსება. ვის მოუნდება საქართველოში ინვესტირება და აქტივების შეძენა ასეთ პირობებში? მავანს ჰგონია, რომ თუ დასავლური კაპიტალი გავა, მას რუსული ან ჩაანაცვლებს. ეს მცდარი დაშვებაა. რუსულ და დასავლეთში არმიღებული კაპიტალი, საქართველოშიც ნაკლებად მოინდომებს შემოსვლას, თუ არა კაბალური პირობებით. დღემდე, კერძო კაპიტალის ჩვენი მიმზიდველობის დიდი ნაწილი სწორედ დასავლეთთან სიახლოვე და ამასთან გადაჯაჭვული ეკონომიკის გახსნილობა და შედარებითი თავისუფლება იყო.

განმარტებისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის არქონას ნეგატიური სიგნალის ეფექტი აქვს. ამაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ თუ ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეიქმნა, რომლებსაც დამოუკიდებლად ძნელად გავუმკლავდებით, სსფ არის საუკეთესო შესაძლო მხარდამჭერი. ზოგჯერ დგება ვითარება, რომ ფულს სწრაფად აღარავინ გასესხებს და თუ ვინმე მაინც გასესხებს - ძალიან ძვირად და კაბალური პირობებით",- თქვა ნიკოლოზ შურღაიამ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.