2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ენერგეტიკის სექტორში $70,2 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ეკონომიკის სექტორებს შორის ენერგეტიკა მოწინავეა, სადაც წლის პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი FDI ჩაიდო, თუმცა 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია, რა მაჩვენებელიც აღნიშნულ პერიოდში $78,7 მილიონს შეადგენდა.
განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სექტორში ინვესტიციები ძირითადად გამანაწილებელი კომპანიების მხრიდან იდება და გენერაციის მხარე ამ ზრდაში წამყვანი არ არის.
„ჩვენ რასაც ვუყურებთ, მასიურად ინვესტიციების განხორციელება მიმდინარეობს ქსელში, ქსელური კომპანიები ახორციელებენ ამას, გამანაწილებელი კომპანიები. ეს შეიძლება იყოს როგორც "თელმიკო", ასევე "ეპ ჯორჯია" მიწოდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვხედავთ ინვესტიციების მოზიდვის ჭრილში გენერაციის მხარეს, ელექტროენერგიის წარმოების მხარეს.
ჩვენ შარშან არ გვქონდა სამწუხაროდ, სახარბიელო მონაცემი, იმიტომ რომ საკმაოდ დაბალი რაოდენობის დადგმული სიმძლავრე შევიდა ქსელში. წელს ბუნებრივი იმედს არ ვკარგავთ და გვაქვს სურვილი იმის, რომ მეტი იყოს, მაგრამ გვჭირდება მეტი ფაქტი იმის, რომ ვიამაყოთ ინვესტიციებით“,-აცხადებს მაია მელიქიძე.