იმპორტირებული სპირტიანი სასმელი და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი სერტიფიცირებას დაექვემდებარება. ამასთან, იკრძალება კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის შიდა გადამუშავების პროცედურაში მოქცევა.

ამ და მთელ რიგ სხვა სიახლეებს “ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პროექტები ითვალისწინებს. ხუთი კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოს ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლის განხორციელების უფლებამოსილება ემატება, რაც ხარისხის კონტროლთან ერთად, ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას მოიცავს.

ღვინის ეროვნული სააგენტო განისაზღვრება იმპორტირებული სპირტიანი სასმლის მასერტიფიცირებელ ორგანოდ.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, იმპორტირებული სპირტიანი სასმელი და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი სერტიფიცირებას დაექვემდებარება. კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის იმპორტი დამატებითი რეგულირების ქვეშ მოექცევა. კერძოდ, სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება იმპორტისთვის განკუთვნილი კონცენტრირებული ტკბილის თითოეული პარტია, ხოლო სერტიფიცირებისგან გამონაკლისი გავრცელდება იმ პარტიაზე, რომლის შესაბამისობა დადასტურებულია შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ან აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტით და რომლის აღიარებაც განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

როგორც მთავრობა განმარტავს, დარგის განვითარებისთვის პრიორიტეტულია ქართული ღვინის ხარისხის შენარჩუნება და ზრდა.

“დღეისათვის, იმპორტირებული ყურძნის ტკბილის საკმაოდ დიდი რაოდენობა გამოიყენება ქართულ მეღვინეობაში. მოთხოვნიდან გამომდინარე კი მზარდია პროდუქტის იმპორტი, რაც ხელს უშლის ქართული წარმოების განვითარებას.

კონცენტრირებული ყურძნის ტკბილი გამოიყენება ღვინის ტიპის შესაცვლელად, მაგალითად, მშრალი ღვინის ბაზაზე ისეთი ღვინის საწარმოებლად, როგორებიცაა ნახევრად ტკბილი “ალაზნის ველი“, „ფიროსმანი“. დღეისათვის ქვეყანაში ამ ნედლეულის გამოყენებით მნიშვნელოვანი რაოდენობის პროდუქცია მზადდება, თუმცა კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის აღრიცხვა ან/და სერტიფიცირება არ ხორციელდება.

საქართველოში იმპორტირებული კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის როგორც ხარისხობრივი შემადგენლობის, ისე რაოდენობის კონტროლით და აღრიცხვით, შესაძლებელი იქნება აღნიშნული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ზუსტი ოდენობის აღრიცხვა, ხოლო სერტიფიცირებით - ხარისხის კონტროლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხის რეგულირებისა და შესაბამისი მექანიზმების დანერგვის მიზნით, მიზანშეწონილია, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილთან დაკავშირებით დამატებითი რეგულაციები განისაზღვროს“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2027 წლის 1-ელ მარტამდე “ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული ალკოჰოლიანი სასმლის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი“ უნდა დაამტკიცოს.

www.interpressnews.ge