2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ფიზიკურმა პირებმა უძრავი ქონების - ბინების, კომერციული თუ საოფისე ფართების გაქირავებიდან მთლიანობაში 344 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით მეტია.
შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოში უძრავი ქონების გაქირავება სეზონურია. მაგალითად 2025 წლის იანვარში სულ 23.9 ათას პირს ჰქონდა იჯარიდან შემოსავალი, ივლისში კი გამქირავებელთა რიცხვი 28.3 ათასს აღწევდა.
შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, მეიჯარეთა ყოველთვიური შემოსავალი 2025 წელს საშუალოდ 49 მილიონ ლარს შეადგენდა, მათ შორის ის ყველაზე მცირე იყო იანვარში 44 მილიონი ლარის ოდენობით, ივლისში კი 52.1 მილიონ ლარს აღწევდა. საშუალო შემოსავალი თვეში 1835 ლარს, ანუ 680 დოლარს შეადგენს. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ სისტემაში მეიჯარეთა კატეგორიზაცია არ ხდება, ეს საიჯარო შემოსავალი წარმოადგენს სრულ შემოსავალს, სადაც საცხოვრებელი სახლების მეიჯარეებთან ერთად გაერთიანებული არიან კომერციული თუ საოფისე ფართების მეიჯარე პირებიც.
2025 წლის ივლისში ქირავნობიდან მიღებული შემოსავალი ოფიციალურად დეკლარირებული 26.3 ათას პირს ჰქონდა, 2025 წელს ის 2 ათასით არის გაზრდილი. ამასთან, მეიჯარეთა შემოსავლების ზრდაზე თავის მხრივ სავარაუდოდ, გავლენა აქვს იმასაც, რომ სულ უფრო მეტი მეიჯარე ქირავნობის შეთანხმებას ოფიციალურად არეგისტრირებს.
Gakt & Taggart-ის თანახმად, 2025 წლის ივნისში თბილისში ქირის საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე თვეში 9.4 დოლარი იყო, შედარებისთვის 2024 წელს ეს მაჩვენებელი 9,9 დოლარს, 2023 წელს კი 11.4 დოლარს შეადგენდა.