საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა მცირდება მისი გამომუშავება, შესაბამისად დანაკლისის შემოტანა იმპორტით მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან ხდება.

ჩვენ მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაში გადახდილი ფული კი, არა ადგილობრივ გენერაციას ანუ ადგილობრივ ბიზნესს, არამედ მაგალითად, რუსულ კომპანია „ინტერ რაოს“ ხმარდება. შესაბამისად, რუსულ დენზე ჩვენი დამოკიდებულებაც იზრდება. არადა, მთავრობის ბოლო გეგმით, 2030 წლისთვის ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით თვითკმარი უნდა გამხდარიყო, ამასვე მოგვიწოდებდა ევრორეკომენდაციებიც.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ტრადიციულთან ერთად, დენის გამომუშავების ალტერნატიული წყაროების დიდი პოტენციალი გვაქვს, ინვესტორებს პროექტების განხორციელების საშუალება არ ეძლევათ. კერძო სექტორს ხან ქსელზე დაერთების შეუძლებლობა არ აქვს, ხან აღმოჩნდება, რომ კვოტა შეივსო, რადგან ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა ერთი და იგივე ტერიტორიაზე ბევრი 500 კილოვატიანი სადგურის მშენებლობის ნებართვა სწრაფად მოიპოვეს, მაშინ როცა სხვებს ერთი პროექტის განსახორციელებლად 10-საფეხურიანი ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვა, ხუთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში უწევს, რაც ელექტროსადგურების აშენებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის.

შესაბამისად, კერძო სექტორისთვის დაწესებული ბარიერები დენის იმპორტიორებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, მეტ დენს შემოიტანენ, მეტ შემოსავალს მიიღებენ, ქვეყნის ენეგოდამოუკიდებლობა კი სულ უფრო მიუღწეველი მიზანი ხდება.

სექტორში არსებულ გამოწვევაზე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ ისაუბრა.

ვიცი, რომ ამ თემაზე ღიად ისაუბრეთ ეკონომიკის მინისტრთან, რომელთან შეხვედრაც თქვენი ინიციატივით გაიმართა, სადაც განახლებადი ენერგეტიკის წყაროების მწარმოებლები და ინვესტორები ესწრებოდნენ. რა უთხარით ენერგეტიკის მინისტრს და რა პასუხი მიიღეთ?

ვუთხარით, რომ ძალიან გვიჭირს და ძალიან რთულია ამ მოცემულობაში და რეალობაში პროექტების განხორციელება. ჩვენ არ გვაქვს ერთი ფანჯრის პრინციპი და ინვესტორებს უწევთ სხადასხვა სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ამ უწყებებს შორის კოორდინაცია, რადგან ერთი და იგივე დოკუმენტი შესაძლოა, სხვადასხვა უწყების მხრიდან იყოს მოთხოვნილი.

მეორე საკითხია დროში გაწელილი პროცესები. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ელენე ღუბიანურს. მას შემდეგ, რაც ის მოვიდა ძალიან სწრაფი გახდა გარემოსდაცვითი კუთხით საკითხების მოგვარება. მინისტრმა თავის განახლებულ გუნდთან ერთად მოისმინა ყველა ის პრობლემატიკა პირველი წყაროებიდან, ვინც აწყდებიან ამ სირთულეებს. ბუნებრივია, მათი მხრიდანაც იყო ლოგიკური არგუმენტაცია, თუნდაც იმასთან მიმართებით, რომ არაერთგზის არის გადავადებული სხვადასხვა ტიპის ვალდებულებები ინვესტორების მხრიდან, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხანდახან ხდება და სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხშირია ხოლმე, რომ ე.წ. ადმინისტრაციული უწყება თავისივე ბრალეულობით იმდენად დიდი ხანი უნდება რომელიმე კონკრეტული დოკუმენტის შესწავლას თუ გაცემას, შესაბამისად, დგება ინვესტორის პასუხისმგებლობის საკითხი. აქ ძალიან მნიშვნელოვანი თემა იყო გამოკვეთილი - თუ დადგენილ ვადაში, სიმბოლურად ავიღოთ 1 თვე, ჩვენ არ მივიღეთ პასუხი, სადაც დაკონკრეტებული იქნება, რა ხარვეზი აქვს ამა თუ იმ პროექტს, მივიღოთ ეს დასტურად თუ კიდევ დაველოდოთ?! იმიტომ, რომ დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინვესტორისთვის, მითუმეტეს, რომ მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. წელს პირველად მოხდა, როცა აგვისტოში დავრჩით იმპორტდამოკიდებულ ქვეყნად. აქამდე იყო ერთი თვე, როდესაც თვითკმარი ქვეყანა ვიყავით და ახლა ეს ერთი თვეც გაქრა.

რამ განაპირობა ეს?! როდესაც ჩვენ შეგვეძლო, რომ ერთი თვე ადგილობრივი მოხმარება დაგვეკმაყოფილებინა ადგილობრივი წარმოებით, ჩვენ ეს თვეც დავკარგეთ და სრული წლის განმავლობაში ვართ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა...

ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ მოთხოვნა იზრდება. სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ფინანსური და სამშენებლო ბიზნესი ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესია - შენდება ახალი შენობები, ობიექტები და ნებისმიერი ახალი ობიექტი საჭიროებს ელექტროენერგიას. ამასთან, მნიშვნელოვანია კონდიცირების ნაწილი, 3 წლის წინ 72 ათასი კონდიციონერი იყო დამონტაჟებული, ახლა 180 ათასს გასცდა. ელექტრომობილების რაოდენობის ზრდა და ტექნოლოგიური პროგრესი საჭიროებს ელექტროენერგიას. ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ჰაერივით გვჭირდება ელექტროენერგია, ეს უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია და საკმაოდ სენსიტიურიც - მასზე ფასის ზრდა ან შემცირება ინფლაცია-დეფლაციასთან არის პირდაპირ კავშირში. ეს არ არის ის მოცემულობა, რომ ადამიანმა თავი შეიზღუდოს, ეს არის ის პროდუქტი, რაც ყველას სჭირდება.

ხედავს თუ არა მინისტრი საფრთხეებს, რომლებიც ენერგომატარებლებზე იმპორტდამოკიდებულებას შეეხება? დიდი წილი სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ დენზე მოდის, მაგრამ როდესაც მსოფლიოში არის ტენდენცია, რომ რაც შეიძლება შემცირდეს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება, ჩვენ ისევ ვუბრუნდებით ძველ ათვლის წერტილს, როდესაც დენი რუსეთიდან შემოგვქონდა...

რეალობა არის ის, რომ ჩვენ რაც არ უნდა განვავითაროთ მზე და ქარი, და ეს ძალიან კარგია, აუცილებლად ხელი უნდა შევუწყოთ ჰიდროს, პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ ის და ასევე მარეგულირებელი ჰესები და არა მხოლოდ მოდინებაზე მომუშავე ჰესები. უნდა ავაშენოთ და ხელი შევუწყოთ ჰიდროენერგეტიკას. აქვე ვიტყვი, რომ „განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ მიერ ინიცირებული კანონი არის იმ „დაავადებაზე“ პასუხი, რაც არის ჰინდროენერგეტიკის ტრაგედია, რომ ვერ ვითარდება. თუ გვექნება ეს კანონი მიღებული, ცალსახად, აუცილებლად მივიღებთ ჰიდროენერგეტიკას, სხვა შემთხვევაში ძალიან გაჭირდება და ურთულესი იქნება. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ამას, რომ პრობლემაა კვალიფიკაცია და კომპეტენცია.

მხოლოდ ეს არის პრობლემა? იქნებ არსებობს ობიექტური და სუბიექტური მიზეზებიც, რის გამოც ადგილობრივი წარმოება ხელისუფლებისთვის არ არის პრიორიტეტული?

მე მგონია, რომ ცენტრალური ხელისუფლებისთვის ეს პრიორიტეტულია, ახლა არჩევნები მოდის და აუცილებელია მათი მხრიდან. რამდენადაც იგნორირება იქნება, მით მეტი იგნორირება იქნება ამ სექტორის, რომელიც არის სტრატეგიული, ხერხემალი ჩათვალეთ. წლიდან წლამდე იმპორტი ნიშნავს მეტი თანხის გადინებას ქვეყნიდან, თან არა ლარში, არამედ კონვერტირებული უცხოურ ვალუტაში.

ფული, რომელიც უნდა რჩებოდეს ადგილობრივ ბიზნესს, რომელიც უნდა აძლიერებდეს დასაქმებულ ადამიანებს, მათ ყოველდღიურ შემოსავალს და ეს ფული ეკონომიკაში უნდა ბრუნავდეს. ეს არის აუცილებლობა და საჭიროება. რეალურად, ის თანხა, 350 მლნ ლარი, რომელიც დაიზოგა ენერგეტიკისგან, უნდა ჩატრიალდეს ენერგეტიკაში და ჩათვალეთ, ენერგეტიკაში ჩატრიალება ავტომატურად ნიშნავს ეკონომიკის პროგრესს.

რომელია სამი გადაუდებელი მიმართულება, რომელიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს ენერგოსექტორში სახელმწიფოს მხრიდან?

GREDA-ს კანონპროექტის მიღება; ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩართვა და კომუნიკაცია ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის; მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების უმალვე აშენება.

ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფაში ჰიდროებს ლომის წვლილი აქვს, მაგრამ განახლებადი ენერგეტიკის წყაროები ბევრი მიზეზით არის საკმაოდ პრიორიტეტული. მცირე მწარმოებლებსაც ბევრი პრობლემა აქვთ - იმისათვის, რომ პროექტი დააინიცირო და მოიპოვო ნებართვა, 10-საფეხურიანი ბიუროკრატიული ბარიერებია გადასალახი და ეს ყველაფერი ხუთ სახელმწიფო ინსტანციაში...

ერთი ფანჯრის პრინციპი - დიდი ხანია ჩვენ ეს დაპირება მივიღეთ, ამას ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF) კურირებდა თავის დროზე და ვნახოთ როგორ გამოვა ეს ყველაფერი. ჩვენ მზად ვართ.

მინისტრისგან თუ მიიღეთ კონკრეტული დაპირება? ბევრი ადამიანი ესწრებოდა და ამ შეხვედრიდან გამოსულები ამბობდნენ, რომ ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა...

რეალურად დაგეგმილი იყო 2 საათი და გაგრძელდა 5 საათი. ეს უკვე ავტომატურად პასუხობს თქვენს კითხვას, რამდენად ბევრი იყო კერძო სექტორის გულისტკივილი, რომელიც მან ღიად, ობიექტურად, სამართლიანად განაცხადა. მინისტრისგან მივიღეთ დაპირება, რომ პრობლემებზე, რომლებიც მოისმინა თავის გუნდთან ერთად უკეთ ჩამოყალიბდება და უახლოეს პერიოდში შემდეგ შეხვედრაზე კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხით დაგვიბრუნდება.

ბევრი პროექტია გაჩერებული გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის გამოიკვეთა დანაშაულებრივი კორუფციული სქემა, რის გამოც წინასწარ პატიმრობაში ორი მაღალჩინოსანი იმყოფება, ვინც გადაწყვეტილებას იღებდა სწორედ ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე. როგორია ბოლო ინფორმაცია და შეიძლება თუ არა ამან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მათ მიერ გაცემული ნებართვებით დაწყებული ყველა პროექტი?

ბევრი პროექტია, რომელზეც მემორანდუმი ან არის, ან არ არის. რეალურად ინვესტორები არაფერ შუაში არ არიან, ამიტომ ის მემორანდუმები, რაც გაცემულია, ინვესტორის პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება დანარჩენ პროექტებს, ისინი განიხილეს ინდივიდუალურად და თავად სამინისტროს წარმომადგენლებიც კი გაკვირვებულები არიან იმით, რომ თითოეულ პროექტს აქვს ინდივიდუალური პრობლემატიკა. კლასტერიზაციაც კი უჭირთ და აღარ იციან, როგორ მიუდგნენ, იმისთვის, რომ სწორად მართონ ეს პროცესი. ამიტომ ისინიც მძიმე მდგომარეობაში არიან და ამბობენ, რომ მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი