მსოფლიო ბანკის ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება.  პროგნოზით, 2025-26 წლებში ზრდა 2.5% იქნება. ეკონომისტი სოსო არჩვაძე ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას არა მხოლოდ ამ რეგიონის განვითარებად ქვეყნებში ელოდება. ექსპერტი ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ რისკები გლობალური მასშტაბით არსებობს. მისი განცხადებით, ეკონომიკურ ურთიერთობებში უფრო მნიშვნელოვან როლს პოლიტიკური ფაქტორები მოახდენს. ქვეყნები ეცდებიან იდეის გარშემო ახალი ალიანსები შექმნან. ეკონომიკური და პოლიტიკური დღის წესრიგების დაახლოებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დონალდ ტრამპის სატარიფო ომმა. სოსო არჩვაძე ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა პირველ რიგში გავლენას ახდენს განვითარებად ქვეყნებზე, რომლებიც გლობალურ ეკონომიკაში ცუდად არიან წარმოდგენილები.

,,არა მარტო ევროპისა და აზიის განვითარებად ქვეყნებში, არამედ გლობალური მასშტაბით შეინიშნება ეკონომიკის ფრაგმენტაცია. ეკონომიკურ მიზანშეწონილობასთან შედარებით წინა პლანზე გამოდის პოლიტიკური მიზანშეწონილობა ან კიდევ იდეის გარშემო ალიანსების შექმნა. ტრამპის პოლიტიკაც, მის მიერ წამოწყებული სატარიფო ომი გარკვეულ ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის. ეს პირველ რიგში გავლენას ახდენს იმ ქვეყნებზე, რომლებიც ცუდად არიან წარმოდგენილი გლობალურ ეკონომიკაში. პროგნოზის მიხედვით, გლობალური ეკონომიკა საშუალოდ 2,4%-ით გაიზრდება. ამ ფონზე, როდესაც ეკონომიკის ზრდის ტემპები კლებულობს, მცირდება მოთხოვნა პროდუქციაზე. მათ შორის იმპორტირებულ პროდუქციაზე. ეს მათ შორის პრობლემას უქმნის სწორედ იმ ქვეყნებს, რომლებიც კონკურენტულ ბრძოლაში შედარებით სუსტად არიან წარმოდგენილი გლობალურ ბაზრებზე. ეს განვითარებად ქვეყნებს შეეხებათ.’’- აცხადებს სოსო არჩვაძე.

ეკონომისტი მიიჩნევს, რომ გლობალური ეკონომიკა უკვე დაზარალდა. ახლა კი მთავარი მიყენებული ზიანის მინიმალურ დონეზე დაყვანაა. სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ტრაპის სატარიფო პოლიტიკის შედეგად ქვეყნები უფრო ფრთხილები გახდებიან და სავაჭრო ბაზრებისა და პარტნიორების დივერსიფიკაციას შეეცდებიან. ეკონომისტის განცხადებით, ამისი კარგი მაგალითია კანადა, რომელიც ტრამპის მუქარისა და პოლიტიკური განცხადებების ფონზე ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით ნაბიჯებს დგამს.

,,გლობალური ეკონომიკა უკვე დაზარალდა. ახლა საუბარი შეიძლება იყოს არა ამ ზარალის ნიველირებაზე, არამედ მის მინიმიზაციაზე. ის მდგომარეობაც რომ აღდგეს, რომელიც იყო ტრამპის პრეზიდენტად მოსვლამდე,  სახელმწიფოები მაინც სიფრთხილით დაიწყებენ ურთიერთობებს, კონტრაქტებისა და ინვესტიციების განხორციელებას.ქნებათ წინხედვა, იმასთან დაკავშირებით რომ ამან პერსპექტივაში არ მოახდინოს რაიმე მოულოდნელი ე.წ. შავი გედის ეფექტი და არ აღმოჩნდნენ პრობლემის წინაშე. ადგილი ექნება დივერსიფიცირებას. უფრო საიმედო და მყარი ეკონომიკური კავშირების შექმნის მცდელობას. ამის კარგი მაგალითია კანადა, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან ინტენსიურად ახორციელებს ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ევროკავშირის ქვეყნებთან. ტრამპის მუქარისა და პოლიტიკური განცხადებების ფონზე. გლობალური მასშტაბით, რა თქმა უნდა, ეს დამაზიანებელი იყო. საუბარი იმაზე, რომ ყველაფერი შეიძლება ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს, ვფიქრობ ზედმეტი ოპტიმიზმია და ამისი საფუძველი ნამდვილად არ უნდა გვქონდეს.’’- აცხადებს სოსო არჩვაძე.