ჰიდროლოგიური პირობების და სისტემის ოპერატორის მიერ გენერაციის შეზღუდვის გამო, მაისში საქართველოში გენერაცია შემცირდა.
როგორც ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, იყო დღეები, როცა ჰიდროელექტროსადგურებს მნიშვნელოვანი, 50-60-70%-იანი შეზღუდვებიც კი დასჭირდათ.
„იმის გამო, რომ ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებელი დაბალია, ამასთან, ქვეყანაში ჯერჯერობით ტემპერატურა არ არის მაღალი. შესაბამისად, ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, სისტემის ოპერატორის მხრიდან შეზღუდვები არის. იყო დღეები, როცა ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებს მნიშვნელოვანი 50-60-70%-იანი შეზღუდვებიც კი დასჭირდათ. განსაკუთრებით, შაბათ-კვირას, როცა ინდუსტრიული მოხმარება ეცემა. ამ მიმართულებით ბევრი გვაქვს საფიქრალი, რომ სეზონურობიდან გამომდინარე, დავაზღვიოთ გენერაციის ობიექტები, რათა სხვა თვეებში წყლის დაღვრის ეკონომიკური ზიანი დაიკომპენსირონ“,- აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე თქმით, გენერაციის შეზღუდვის გამო, გენერაციის ობიექტები მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს მიიღებენ.
„გამომდინარე იქიდან, რომ მაისი და ივნისი არის მათი გენერაციის პიკი, თუკი ის გენერაცია ვერ გამოიმუშავეს და ბაზარზე ვერ გაყიდეს, მათთვის ეს ბუნებრივია, არის ზარალი. უნდა ითქვას, რომ ამ მოდელში აღარ გვყოფნის ის ტარიფი, რომელიც გენერაციის ობიექტებისთვის ამ ეტაპზე გვაქვს და მნიშვნელოვანია, ამ თემაზე დისკუსია დაიწყოს“,- აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოსთვის ელექტროენერგიის თურქეთში ექსპორტი ამ ეტაპზე მიმზიდველი არ არის.
„მთავარი საექსპორტო ქვეყანა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ეს არის თურქეთი, სადაც ამჟამად ელექტროენერგიის ფასები ძალიან დაბალია. შესაბამისად, თუ თქვენ გაითვალისწინებთ თურქეთის საზღვრამდე ელექტროენერგიის მიტანის ღირებულებას, თურქულ მხარეს დენის ფასი ბაზარზე იმდენად დაბალია, რომ ელექტროენერგიის მიტანის ხარჯებსაც შეიძლება ვერ ანაზღაურებდეს. თუმცა არიან კომპანიები, რომლებსაც ჰყავთ პირდაპირი მომხმარებლები და აქვთ თურქეთის ბაზარზე პრიორიტეტული დაშვების შესაძლებლობა“,- აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, "გალთ ენდ თაგარტის" კვლევის თანახმად, ელექტროენერგიის ჯამური ექსპორტი ბოლო 10 წლის
მინიმუმზეა - როგორც მოცულობით, ისე ღირებულებით. 2026 წლის მაისში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი
შემცირდა 4.8-ჯერ რაოდენობრივად და 7.8-ჯერ ღირებულებით.