„მოლაპარაკებები გაჭიანურებულია,“ – ამის შესახებ ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გვანცა მელაძე ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის პარალელურად ექსპორტიორებისთვის შექმნილ გამოწვევებზე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს.
მანვე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ევროპელი იმპორტიორები საქართველოს მიიჩნევენ უფრო მაღალი რისკის მქონე ბაზრად, ვიდრე აქამდე იყო, რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია სანქციებთანაც.
„ჩვენი წევრი ექსპორტიორები საუბრობენ იმის შესახებ, რომ მოლაპარაკებები გაჭიანურებულია და რისკები გაზრდილია - ევროპელ იმპორტიორებს უფრო რისკიანად მიაჩნიათ ქვეყანა, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლებელია დაწესდეს კონკრეტული სანქციები იურიდიული პირების მიმართ. ისინი თავს იკავებენ ახალი გარიგებების დადებისგან, იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, გაურთულდეთ პარტნიორებთან ხელშეკრულებების მართვა,“ - აღნიშნავს მელაძე.
მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში პროდუქციის ექსპორტის კუთხით გართულებულია საბაჟო პროცედურები და გაჭიანურებულია დოკუმენტების დადასტურება.
„ძალიან გართულებულია ევროპაში დოკუმენტაციის დადასტურება, საბაჟო პროცედურები არის უფრო გაწელილი, მოწმდება აბსოლუტურად ყველა იმპორტიორი, რომ დადგინდეს თუნდაც ერთ-ერთი დამფუძნებელი ან მეწილე მაინც, ხომ არ არის სანქცირებული პირების სიაში. ამის თავიდან არიდება უნდათ და ამიტომ დაყოვნებულია გადაწყვეტილებების მიღება.
ასევე გვქონდა გამოკითხვა, მომხმარებლების მხრიდან რამე პრობლემა თუ შეექმნა ქართული პროდუქციის იმიჯს. ამ კუთხით არ გვქონია უკუსვლა, რადგან მაინც პოზიტიურად შუქდება საქართველო ევროპული არხების მიერ, იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივად არის საზოგადოებრივი პროტესტი, ელოდებიან მოვლენების პოზიტიურ განვითარებასა და ქვეყნის შემობრუნებას. თუმცა, ისევ განვმეორდები, რომ ბიზნესის კუთხით უფრო გაამკაცრეს ურთიერთობები, რადგან უფრო მაღალ რისკს ხედავენ საქართველოსთან პარტნიორობის კუთხით, ვიდრე აქამდე იყო,“ - განაცხადა გვანცა მელაძემ.