„ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს შედეგი გარდაუვალი იყო; ბიუჯეტს დააწვება პირდაპირი სახით ტვირთად... 76-მილიონ დოლარზე მეტია გადასახდელი“, - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილებას „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ ალავიძე.
შეგახსენებთ, საქართველომ Inter Rao-სთან საერთაშორისო არბიტრაჟში სააპელაციო დავა წააგო. მსოფლიო ბანკთან არსებული საერთაშორისო საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ცენტრის (ICSID) ტრიბუნალმა საქართველოს აპელაცია არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა 2022 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს რუსულ Inter Rao-სთვის 76 მილიონი დოლარის კომპენსაცია დააკისრა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ თანხას ემატება წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მიბმულია დოლარის ცვლად განაკვეთ SOFR-ზე. ჯამში კომპენსაციის ჩათვლით, საქართველოს დაახლოებით 94 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს.
ამასთანავე, Inter Rao-ს საქართველოსთან კიდევ ერთი საარბიტრაჟო დავა აქვს, რომელიც სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში საქართველომ საქმე წააგო და დაეკისრა 112 მილიონი დოლარის გადახდა. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველომ და პასუხს ელოდება. ნიკოლოზ ალავიძის თქმით, სავარაუდოდ, დავის არც ამ ნაწილზე დააკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს, რადგან „საქართველოს პოზიციები სუსტია“. ცნობისთვის, აღნიშნულ ორ დავაზე არ მოქმედებს შეკრებითობის პრინციპი.
როგორც ნიკოლოზ ალავიძე აღნიშნავს, საქართველოს წაგებული დავისთვის ანაზღაურება უახლოეს პერიოდში მოუწევს. მისი თქმით, გადაუხდელობის შემთხვევაში, თანხა სახელმწიფოს აქტივებიდან ოფიციალურად იქნება აღებული.
„ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს შედეგი გარდაუვალი იყო; აპელაცია იყო ფორმალობა, მაგრამ საკმაოდ ძვირი ფორმალობა... ბიუჯეტს დააწვება პირდაპირი სახით ტვირთად, 76-მილიონ დოლარზე მეტია გადასახდელი. ამ 76 მილიონ დოლარზე დაგვემატა იმ იურიდიული ხარჯის ანაზღაურება, რაც Inter Rao-მ გაწია ამ არბიტრაჟის აღსრულებისთვის. იურიდიული მომსახურების ხარჯი 5-10 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო გაასაჯაროებს, ამ დანამატის ოდენობას. ეს კონკრეტული შემთხვევა არის საბოლოო გადაწყვეტილება და ავტომატურად გადაეცა საერთაშორისო აღსრულებას, ეს თანხა თუ ჩვენი ნებით არ გადავრიცხეთ მითითებულ ანგარიშზე, სახელმწიფოს აქტივებიდან ოფიციალურად იქნება აღებული ეს თანხა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იყო Inter Rao-სთან დავის ერთი ნაწილი, დავის მეორე ნაწილი მიმდინარეობს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალში, რომელმაც საქართველოს 112 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა საქართველომ, მაგრამ ღია წყაროებში რაც ნახეთ, სუსტია ჩვენი პოზიცია; დიდი ალბათობით, მეორე დავის შემთხვევაშიც საარბიტრაჟო სასამართლო მალე მიიღებს გადაწყვეტილებას. უახლოეს მომავალში მოუწევს საქართველოს დაკისრებული თანხის ანაზღაურება“, - აღნიშნავს ნიკოლოზ ალავიძე.
როგორც მანვე აღნიშნა, გარდა მატერიალური ზარალისა, საერთაშორისო არბიტრაჟში წაგებული დავები ლახავს საქართველოს საქმიან რეპუტაციას.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ მარტო ემოციურად ძალიან რთული პროცესია, რომ ოკუპანტ ქვეყანას, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე მეტი აქვს ოკუპირებული და დღითიდღე გვიუარესებს ცხოვრებას და სისხლისმსმელი ომი აქვს ჩვენს მეგობარ უკრაინასთან, უნდა გადავუხადოთ მილიონები, რომელიც, რა თქმა უნდა, უკრაინაში ომის დაფინანსებას მოხმარდება. ეს თანხა უნდა გადავიხადოთ ბიუჯეტიდან, ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან, იმის გამო, რომ არაკომპეტენტურად აწარმოეს მოლაპარაკებები, დადეს შეთანხმებები და საქართველო აზიანეს.
გარდა მატერიალური ზარალისა, ილახება საქართველოს საქმიანი რეპუტაცია. დავა წლების განმავლობაში გაგრძელდა და ამ დავის ყოველი დღე არის ჩვენი ქვეყნის საქმიანი რეპუტაციისთვის უმძიმესი დარტყმა - შეუფასებელია ეს ზარალი, ძალიან დაგვამძიმებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკმაოდ მძიმე დავები გვაქვს კიდევ საარბიტრაჟო სასამართლოში, ეს დავებიც წაგებული გვაქვს და ფორმალურად გასაჩივრებული გვაქვს. იქაც ძალიან სუსტი პოზიციით არის საქართველო წარმოდგენილი -„ენკა ჰოლდინგზე“ მაქვს საუბარი. მთლიანობაში ეს ყველაფერი მძიმე წნეხი იქნება ბიუჯეტზე, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს ეს თანხა.
კარგის არაფრის მოლოდინი არ გვაქვს, რადგან ინსტიტუციურად სახელმწიფო მოშლილია, არ არის კვალიფიკაცია, არც მორალური და არც სისტემური მზაობა იმისთვის, რომ ვიღაც პარტნიორებთან თხოვნით მაინც მივიდეს, რომ ყველაფერი სხვა მოლაპარაკების ჩარჩოს დაუბრუნდეს. ცხადია, მატერიალურის გარდა, სახელმწიფოებრივი ზარალი არის უზარმაზარი“, - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ნიკოლოზ ალავიძე.