მასწავლებელთა ხელფასების ზრდამ განათლების სექტორის მომგებიანობა შეამცირა

მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის ფონზე, საქართველოს ზოგადი განათლების სექტორში სახელფასო ხარჯების წილი გაიზარდა, რამაც კერძო სკოლების მომგებიანობაზე ზეწოლა გააძლიერა.

Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, 2024 წელს საჯარო განათლების სექტორში საშუალო ხელფასმა 1 158 ლარი შეადგინა, ხოლო კერძო სექტორში 1 614 ლარს მიაღწია.

საჯარო სკოლებში ხელფასების ზრდა კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებზეც აისახა. კვალიფიციური კადრების შესანარჩუნებლად კერძო სკოლებს ანაზღაურების გაზრდა მოუწიათ, რის შედეგადაც შრომის ხარჯების წილი სექტორის შემოსავლებში 2024 წელს 68%-მდე გაიზარდა. 2017-2023 წლებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ დაახლოებით 61% იყო.

სახელფასო ხარჯების ზრდა განსაკუთრებით რთული მცირე ზომის კერძო სკოლებისთვისაა, რადგან მათ ნაკლები ფინანსური რესურსი და ხარჯების გადანაწილების შესაძლებლობა აქვთ. მსხვილ სკოლებს კი მოსწავლეთა უფრო დიდი რაოდენობა და შემოსავლების მასშტაბი ზრდის ხარჯების შედარებით მარტივად მართვის საშუალებას აძლევს.

კვლევის მიხედვით, მასწავლებელთა ხელფასების ზრდა განათლების სექტორისთვის ერთდროულად ორი მიმართულებით მოქმედებს: ერთი მხრივ, ზრდის პროფესიის მიმზიდველობას და კვალიფიციური პერსონალის შენარჩუნების შესაძლებლობას, მეორე მხრივ კი კერძო სკოლების საოპერაციო ხარჯებს ზრდის და მოგების მარჟას ამცირებს.

შესაბამისად, კერძო სკოლებისთვის მთავარი გამოწვევა იქნება მზარდი სახელფასო ხარჯების დაფინანსება ისე, რომ სწავლის საფასურის მნიშვნელოვანი ზრდა ან განათლების ხარისხის შემცირება თავიდან აიცილონ.

წყარო:

https://galtandtaggart.com/en/reports/details/69c39ebfb8eea120bf648683