2023 წლის აპრილი APM Terminals ფოთში კონტეინერების მოცულობის თვალსაზრისით რეკორდული თვე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას APM Terminals-ი ავრცელებს.
თვის განმავლობაში 53,626 TEU კონტეინერი დამუშავდა, რაც 91,3%-ით მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის აპრილთან შედარებით და ეს ფოთის პორტში ერთ თვეში გადატანილი კონტეინერების ყველაზე მაღალი მოცულობაა.
საერთო ჯამში, 2023 წლის პირველ 4 თვეში APM Terminals ფოთის მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობა 177 900 TEU იყო, რაც 73%-ით გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ყველაზე მაღალია, რაც კი ოდესმე ყოფილა წლის პირველ 4 თვეში.
გარდა ამისა, ფოთის პორტში, ბოლო 4 წლის განმავლობაში პირველ 4 თვეში ყველაზე მეტი - 25 239 ავტომობილი დამუშავდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 59,7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია
პირველი 4 თვის განმავლობაში გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. წლის დასაწყისიდან APM Terminals ფოთმა გასულ წელთან შედარებით 74.6%-ით მეტი - 103 საკონტეინერო გემი მიიღო.
დაბოლოს, მიმდინარე წლის 4 თვეში ზრდაა კონტეინერების რაოდენობაში, რომლებიც რკინიგზაზე გადავიდნენ. იანვარი-აპრილის პერიოდში, შემოსული და დამუშავებული კონტეინერების რაოდენობა ყველაზე მაღალი იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში და შეადგენდა - 3, 848 TEU-ს.
„მოხარულები ვართ, რომ წლის დასაწყისში ტვირთების მნიშვნელოვანი ზრდაა. რაც ყოველთვის რთული სამართავია, ჩვენ ფოკუსირებული ვართ მომხმარებელზე და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომსახურების მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ. ეს APM Terminals-ის გუნდსა და მომხმარებლებს შორის ძლიერი პარტნიორობის დამსახურებაა“, - განაცხადა ფოთის APM Terminals-ის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა იენ როულინსონმა.