ICC საქართველომ EBIT GROUP-თან ერთად მომზადებული საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2024 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირზე ეკონომიკური დამოკიდებულება 23.8%-ი იყო, წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 22.5%. სხვა ქვეყნებზე ეკონომიკური დამოუკიდებლობა - 61.3%-ია, აქედან რუსეთსა და თურქეთზე მოდის 15-15%, აშშ-ზე - 8%.
„ევროკავშირმა შეინარჩუნა ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობა საქართველოსთან 2024 წლის პირველ კვარტალში, მიუხედავად ისეთი გამოწვევებისა, როგორიცაა ექსპორტის შემცირება და ფინანსური ნაკადების ცვალებადობა.
რუსეთის რჩება საქართველოს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად, მაგრამ 2024 წლის პირველ კვარტალში შესამჩნევი კლება იყო იმპორტის, ექსპორტის, ფულის ნაკადის, ტურიზმიდან შემოსავლისა და უცხოური ინვესტიციის კუთხით. მნიშვნელოვანი კლებაა ფულის შემოდინების ნაწილსა და ასევე ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალში. ეს ტენდენცია მიუთითებს შემცირებულ ეკონომიკურ ჩართულობაზე, სავარაუდოდ გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ეკონომიკური პოლიტიკის გავლენის ქვეშ“, - ვკითხულობთ კვლევაში.
უფრო დეტალურად:
ევროკავშირთან იმპორტი გაიზარდა 2023 წლის I კვარტალში $845 415-დან 2024 წლის I კვარტალში $923 602-მდე;
ექსპორტი - შემცირდა $213 831-დან $133 223-მდე;
ფულის ნაკადი - გაიზარდა $266 371-დან $321 604-მდე;
შემოსავალი ტურიზმიდან - გაიზარდა $46 402-დან $72 200-მდე;
უცხოური ინვესტიციები - შემცირდა $253 231-დან $116 235-მდე.
რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, თურქეთთან იმპორტი გაიზარდა, მაგრამ ექსპორტმა იკლო; გაზრდილია ფულის ნაკადი და ტურიზმიდან შემოსავალი;
აზერბაიჯანმა შეამცირა იმპორტი და ექსპორტი, მაგრამ გაზრდილია ფულის ნაკადები და ახალი შემოსავალი ტურიზმიდან;
სომხეთმაც მნიშვნელოვანი შემცირება აჩვენა როგორც იმპორტში, ასევე ექსპორტში. მაგრამ ადგილი ჰქონდა ფულის ნაკადის, ტურიზმის შემოსავლებისა და ინვესტიციების ზრდას;
ჩინეთთან საქართველოში იმპორტი გაზიარდა, მაგრამ ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. შემცირებული ფულის ნაკადებისა და ინვესტიციების მიუხედავად, ჩინეთი ინარჩუნებს ეკონომიკურ ჩართულობას, - ნათქვამია კვლევაში.