ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში EU-მ ტრანზაქციები აუკრძალა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რაც ძალაში ექვს თვეში შევა იმ შემთხვევაში, თუ ბლექ სი პეტროლიუმი (BSP) ევროკავშირთან აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს და რუსულ ნავთობს არარუსული წარმოშობის ნედლეულით არ ჩაანაცვლებს.როგორც ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ტაბულას განუცხადა, ყულევის ნავთობქარხნის ოპერატორმა ევროკავშირთან გამართული დიალოგის ფარგლებში აიღო ვალდებულება, რომ ნედლეულის წყაროების დივერსიფიკაციას მოახდენს და რუსულ ნავთობს ჩაანაცვლებს, თუმცა, მაღალჩინოსნის თქმით, ევროკავშირს "მოქმედებების" ხილვა სურს. მაღალჩინოსანმა ტაბულასთან განმარტა, რომ თუკი მომდევნო 6 თვის განმავლობაში ბლექ სი პეტროლიუმი, რომელიც ობიექტის მფლობელი და ოპერატორია, "დაპირებებს" არ შეასრულებს, ნავთობქარხნის წინააღმდეგ სანქციები ძალაში შევა.EU-ს მაღალჩინოსანმა ტაბულას ასევე განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბლექ სი პეტროლიუმი ევროკავშირისთვის მიცემულ პირობას შეასრულებს, ევროკომისია ევროპის კავშირის საბჭოს მიმართავს წინადადებით, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სანქცირებულ სუბიექტთა სიიდან ამოიღონ.აღსანიშნავია, რომ ივლისის დასაწყისში კომპანია ბლექ სი პეტროლიუმმა (BSP) განაცხადა, რომ 2026 წლის აგვისტო-სექტემბრიდან ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა სრულად არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებაზე გადავა