ქათმის ხორცისა და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ (ბრენდი „ბიუ-ბიუ“) ჩინეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს. კომპანიის სამომავლო გეგმებში ე.წ. სასუპე ნაკრების ექსპორტია, რომელზეც ამ ეტაპზე აქტიურად მუშაობს.

როგორც „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, ჩინეთის ბაზარზე ნაკლებად მოთხოვნადია ქათმის ფილე, თუმცა მაღალი მოთხოვნაა ე.წ. სასუპე ნაკრებზე, რომელიც ძირითადად ქათმის კისრის, ზურგის, ფრთებისა და ძვლიანი ნაწილებისგან შედგება.

"საქართველოში ჩინეთიდან დიდი რაოდენობით ქათმის ფილე საკმაოდ დემპინგური ფასით შემოდის და სწორედ ამიტომ, აღნიშნულთან კონკურენცია საკმაოდ რთულია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ნაკლებად მოთხოვნადია ფილე, თუმცა მოთხოვნადია ე.წ. სასუპე ნაკრები (ძირითადად შედგება ქათმის კისრის, ზურგის, ფრთებისა და ძვლიანი ნაწილებისგან). ჩვენი კომპანიის სამომავლო გეგმებში სწორედ აღნიშნული პროდუქციის გამოშვება და ექსპორტზე გატანაა. ამჟამად, აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე. ჩინეთიდან მივიღეთ ნებართვა, აკრედიტაცია გავიარეთ და იმედი გვაქვს ხელშეკრულებასაც მალე გავაფორმებთ და აღნიშნული პროდუქციის ექსპორტს დავიწყებთ. ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს შევძლებთ პირველ ექსპორტს", - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, ჩინეთში ექსპორტის დაწყება „ჩირინას“ საექსპორტო მიმართულების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, შპს „ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დაარსა. დღეისათვის ის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველოების ფერმაა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოყავთ. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები.

წყარო: "ბიზნესპარტნიორი"