საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ხორბლის წარმოებამ 148.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ქერის წარმოება 8.5 პროცენტით შემცირდა და 48.4 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 223.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 16.8 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
კარტოფილის წარმოება 12.1 პროცენტით გაიზარდა და 221.1 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2024 წლის განმავლობაში წარმოებულია 134.3 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 5.4 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის
მაჩვენებელს.
2024 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ქერის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა. გაიზარდა ხორბლის, სიმინდის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.8 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.0 ტონა/ჰა, სიმინდის - 3.1 ტონა/ჰა, კარტოფილის - 15.6 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 10.2 ტონა/ჰა.
წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 195.7 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.0 პროცენტით ჩამორჩება. საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 8.1 პროცენტით და შეადგინა 61.3 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 2.0 პროცენტით და შეადგინა 134.4 ათასი ჰექტარი.
ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 71.2 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 54.0 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 24.1 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 14.1 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 11.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 10.9 ათას ჰექტარს შეადგენდა.