„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წინაშე ჩემს გამოკითხვას „ენერგო-პრო“ თავისივე ფეისბუქ გვერდზე სპეციალური განცხადებით გამოხმაურებია და „ორთაჭალენერჯის“ უკანონო პრივატიზაციის საქმის აღწერისთვის სიცრუე, ცრუ ბრალდებები და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უწოდებია...
უნდა ვთქვა, რომ „ენერგო-პროში“ მართებულად შეშფოთებულან, რადგან ამ ორგანიზაციას, დარწმუნებული ვარ, ბევრ კითხვაზე აქვთ პასუხი გასაცემი, მათ შორის „ორთაჭალენერჯის“ საკითხზეც“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომელიც 2009 წლამდე, შპს „ორთაჭალენერჯის“ (ორთაჭალჰესის ოპერატორი კომპანია 1994-2009 წლებში) მეშვეობით ლიზინგით ფლობდა აღნიშნულ ჰიდროელექტროსადგურს.
როგორც ბიზნესმენმა საუბარში აღნიშნა, „ენერგო-პრო“ ძირშივე ცრუ აქცენტს აკეთებს, როდესაც ამბობს, რომ არის „ორთაჭალჰესის“ კეთილსინდისიერი შემძენი, რომ მან აუქციონის წესით შეიძინა ეს ობიექტი და აქ ყველა კითხვაზე პასუხს გაცემულად თვლის.
„საქმე ის არის, რომ აუქციონის გამოცხადებისთანავე, ჩვენ მაშინ ხელმისაწვდომი საჯარო საშუალებებით, მედიას ვგულისხმობ, პირველ რიგში, გავაკეთეთ განცხადება და აუქციონში შესაძლო მონაწილეობის სურვილის მქონე სუბიექტები, მათ შორის “ენერგოპ-როც” (წერილობით) გავაფრთხილეთ, რომ გამოცხადებული აუქციონის მოცემული პირობებით „ორთაჭალჰესის“ შეძენის შემთხვევაში, ვერ ჩაითვლებოდნენ კეთილსინდისიერ შემძენებად, რამდენადაც ამ ობიექტს კანონის „თავზე გადახევით“გაუწყვიტეს საიჯარო ხელშეკრულება და ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სასამართლო დავა. იმის თქმა, რომ ამის შესახებ მაშინ „ენერგო-პროში“ არ იცოდნენ, მხოლოდ თავის მოკატუნება იქნება და მეტი არაფერი - იცოდნენ და მეტიც - უხეშად ვიტყვი - ფეხებზეც ეკიდათ“... - აღნიშნა თემურ ჭიჭინაძემ.
მისი თქმით, საქმის მოკლე აღწერა იმაში მდგომარეობს, რომ მის კომპანიას („ორთაჭალენერჯი“), რომელიც გრძელვადიანი (25 წლიანი) იჯარით მართავდა ენერგოობიექტს - ორთაჭალჰესს, სახელმწიფომ უაპელაციოდ შეუწყვიტა იჯარის ხელშეკრულება და ობიექტი სასწრაფოდ საპრივატიზაციოდ გაიტანა, მაშინ როცა მიმდინარეობდა სასამართლო დავა!
„როცა ვიყენებ სიტყვას „უაპელაციოდ“, ვგულისხმობ იმას, რომ სახელმწიფომ, უფრო სწორად იმ პირებმა - ჩინოვნიკებმა, ვინც ამ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენდნენ სახელმწიფოს (ეკონომიკის იმჟამინდელი მინისტრის, ლაშა ჟვანიას და მისი მოადგილის, - დამენიას (ნოღაიდელის პარტნიორი და მისი მარჯვენა ხელი) მოხდა მაშინ ეს უკანონობა), არც კი განიხილეს იჯარის შეწყვეტამდე გაწეული სამუშაოების სამართლიანი დათვლის და შესაბამისი ანგარიშსწორების საკითხი, რასაც იჯარის ხელშეკრულება, ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში, ითვალისწინებდა. არ გამიჯნეს კომპანიის ქონება საკუთრივ ჰესის ქონებისგან და კიდევ ბევრი წრილმანი თუ მსხვილმანი საკითხი, რითაც დამანგრევლად დააზიანეს კომპანია და მისი დამფუძნებლები.
ეს არის ის საკითხები, რომელთა თაობაზეც სამართლებრივად ყველა ინსტანციაში ვიდავეთ და ყველგან ისეთივე ხელის გადაგრეხვის მიდგომა მივიღეთ, როგორიც ობიექტიდან გამოყრის შემთხვევაში იყო.
მაშინვე იკითხებოდა ის ასპექტიც, და ეს შემდგომში კიდევ უფრო ნათლად გაცხადდა, რომ არავის აინტერესებდა რეალობა და სამართლიანი ეკონომიკური ურთიერთობა. გადაწყვეტილი იყო, რომ ჰესი უნდა გადასცემოდა „ენერგო-პროს,“რომელსაც „მწვანე შუქი“ ჰქონდა ანთებული ქართულ ენერგეტიკაში და ეს სასწრაფოდ გააკეთეს კიდეც“, - აღნიშნა თემურ ჭიჭინაძემ
იგი ასევე გამოეხმაურა „ენერგო-პროს“ განცხადებაში გაკვრით აღნიშნულ პასაჟს, რომ „ორთაჭალჰესი“ კორუფციული სქემებით იყო დაზიანებული. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ამ ნაწილში „ენერგო - პროს“ აშკარად სიტყვა გაექცა („ჩემი შენ გითხარიო“...), როცა კორუფციაზე საუბრისას ორთაჭალჰესის 2009 წლამდე ოპერატორი კომპანია „ორთაჭალენერჯი“ ახსენა.
„უტიფრობის კიდევ ახალი სიმაღლის დალაშქვრა იყო „ენერგოპროს“ განცხადების ის ნაწილი, სადც ის ირიბად რაღაც კორუფციულ სქემებს ახსენებს ჩვენს კომპანიასთან მიმართებით - ნახეთ რა უწერიათ სიტყვა-სიტყვით: - „შესყიდული აქტივების უმეტესობას, მუდამ აშკარად ეტყობოდა კორუფციული სქემების შედეგად მიღებული სერიოზული ზიანი. ასეთივე იყო „ორთაჭალჰესი“.
ამაზე პასუხი ქალაქურად სხვაგვარად ჟღერს, მაგრამ ვეჭვობ, გაიგონ. ამიტომ, ირიბ და ორლესულ ნათქვამს პირუკუ მივუბრუნებ და ვკითხავ - როგორ ხსნიან, რომ ორთაჭალჰესში, რომლის დადგმული მუშა სიმძლავრეც არის სულ რაღაც 14 მგვტ, მათ გადაიხადეს 25 მლნ აშშ დოლარი. და ეს მაშინ, როცა დანარჩენი საქართველოს (კახეთის გარდა) დადგმულ სიმძლავრეებში, და სადისტრიბუციო კომპანიებში ჯამში გადახდილი აქვთ 132მლნ. აშშ დოლარი. შეუდარებლად და შეუსაბამოდ ბევრი აქვთ (ან არა აქვთ) გადახდილი ორთაჭალჰესში, ან პირიქით - შეუდარებლად და შეუსაბამოდ ცოტა აქვთ გადახდილი დანარჩენ სიმძლავრეებში - არის თუ არა აქ კორუფციული სქემების ნიშნები... საინტერესოა, რა პასუხი ექნება ამაზე „ენერგო-პროს“, თუ სიჩუმეს ამჯობინებს...
აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თავდაპირველი სატენდერო ღირებულება მთლიანი ენერგოაქტივებისა, იყო 312 მლ.აშშ დოლარი (ესეც მიზერული თანხა) და ენერგეტიკული რეფორმების „შემომქმედის“ - ნოღაიდელის შემდგომი გადაწყვეტილებებით მას 200 (!!!) მლნ მოაკლდა და აორთქლდა!!! და ისევ და ისევ ნოღაიდელის უკანონო გადაწყვეტილებით, სრულიად გაუგებრად და საგნობრივი არგუმენტაციის გარეშე, საინვესტიციო ვალდებულებაში გადაუმისამართდა..
აღარც იმაზე ვამბობ რამეს, რომ ამ გარიგების შემდეგ ( „ენერგო -პრომ“ ქვეყნის თითქმის მთელი სისტემა, ორი სადისტრიბუციო და 6 სახელმწიფოს მიერ ახლადგარემონტებული ჰიდროელსადგური, საერთო სიმძლავრით - 361 მგ.ვტ „გაიფორმა“) „ენერგოპროს“ ყოველგვარი საინვესტიციო დანახარჯის გარეშე 16 თეთრიანი (!!! წარმოუდგენლად მაღალი) ტარიფი დაუდგინეს.
აღარც იმაზე ვსაუბრობ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ის 132 მილიონი აშშ დოლარიც, როგორც „ბოროტი ენები“ ამბობენ, დიდწილად მიღებული შემოსავლებიდან აქვს დაფარული, ანუ მომხმარებლების მიერ გადახდილი დენის საფასურიდან . თუ ეს მართლაც ასეა (და რა, არ იკადრებდნენ თუ გაუჭირდებოდათ, როცა პრემიერის მფარველობით სარგებლობდენ), როგორია?! არის კორუფციის სერიოზული ნიშნები?!.
იმის თაობაზე ხომ საერთოდ აღარც ღირს საუბარი, რომ „ენერგო-პროსთან“ გაფორმებული ხელშეკრულებას, ისე როგორც „თელასის“ გასხვისების ხელშეკრულებას, ზურაბ ნოღაიდელმა, რატომღაც, იმთავითვე, გრიფი საიდუმლო დაადო და დღემდე ასე რჩება... არც ექსპერტულმა და არც საზოგადოდ, საზოგადოებამ დღემდე არ იცის, რეალურად რა პირობებით დ არა ფასად გაიყიდა საქართველოს ელექტროსადისტრიბუციო სისტემა...
ასე რომ, როგორც უკვე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ დიახ, „ენერგო - პროს“, ორთაჭალჰესის საქმის გარდაც, სხვა ბევრ კითხვაზეც აქვს პასუხი გასაცემი და დარწმუნებული ვარ, ეს კომპანია ამ კითხვების პირისპირ საკმაოდ მალე და საკმაოდ მწვავედ აღმოჩნდება კიდეც“, - აღნიშნა თემურ ჭიჭინაძემ.