ენერგეტიკული ბირჟა მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ ის კიდევ ერთხელ, ამჯერად ერთი წლით გადადო. ეს რეფორმის დაწყების მეექვსე გადავადებაა, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1-ელ ივლისს უნდა დაეწყო.
რა ეტაპზეა ცვლილებების ინიციირება რომლის მიხედვითაც ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ერთი წლით გადავადდა, თუ არსებობს გეგმა ამ პერიოდის განმავლობაში როგორ და რა მიზნით იფუნქციონირებს ენერგეტიკული ბირჟა, ამ და სხვა დეტალების დასადგენად „კომერსანტმა“ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, თუმცა სტრუქტურაში კითხვებზე პასუხისგან ამ დრომდე თავს იკავებენ.
რა იყო ენერგეტიკული ბირჟის რამდენიმეჯერ გადავადების მიზეზი და რა რისკფაქტორებს შეიცავს მისი ამოქმედება, ამ თემაზე „კომერსანტთან“ სემეკის ყოფილმა თავმჯდომარემ და ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ ცოტა ხნის წინ ისაუბრა. მილორავას განცხადებით, ენერგეტიკული ბირჟის ბოლო რამდენიმე გადავადების მთავარ მიზეზად, რეგიონში არსებული რთული სიტუაცია დაასახელა. მისი თქმით, საქართველოს სისტემის იმპორტდამოკიდებულება მაღალია და დაბალანსებისთვის საჭირო წარმოების სიმძლავრე შეზღუდულია, შესაბამისად არსებობდა მაღალი რისკი იმისა, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის დაკმაყოფილებულ განაცხადს განესაზღვრა ბაზრის ფასი.
ირინა მილორავას განმარტებით, ბირჟის ამოქმედების თარიღს საქართველოს მთავრობა ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრავს, ბირჟა არ წარმოადგენს ცალკე განყენებულ ბაზრის სეგმენტს და იგი ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის ნაწილია, შესაბამისად, მისი საჭიროება და აქედან გამომდინარე მისი ამოქმედება ახალი მოდელის ამოქმედებაზეა დამოკიდებული.
ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნომ საქართველოს ბირჟის გახსნის გადავადება არ მოუწონა, უფრო მეტიც, საერთაშორისო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს ფაქტი გავლენას იქონიებს ბაზრის მონაწილეებისა და ინვესტორების ნდობაზე.
ფაქტს გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაც და იმედგაცრუება გამოხატა. წარმომადგენლობა იზიარებს ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს განცხადებას, რომ ორგანიზებული ბაზრის გახსნა მიზნად ისახავდა კონკურენციის განვითარებას, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოების სტიმულირებასა და ტრანსსასაზღვრო გადაცემის შესაძლებლობების გაძლიერებას.
ბირჟის გახსნის არაერთი გადავადება, რომ ინვესტორებისთვის საქართველოში არასტაბილური გარემოს მანიშნებელია, ამის შესახებ ბიზნესიც საუბრობს. მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მაშინ როდესაც ბიზნესი განახლებადი ენერგიების მხარდამჭერი ახალი მექანიზმის ე.წ. CFD სქემის ფარგლებში მეორე აუქციონის მოლოდინშია, მსგავსი არასტაბილურობა ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად აისახება და შესაძლოა მათი რაოდენობა პირველი აუქციონთან შედარებით ბევრად მცირე იყოს.
ენერგეტიკული ბირჟის გადავადების მიზეზებზე საუბრობენ სემეკშიც და აღნიშნავენ, რომ 70-80 პროცენტი მაინც უნდა იყოს ჰიდროელექტროსადგურების დატვირთვა, რომ საბაზრო ფასზე „წნეხი არ იყოს“. თუმცა 1-ელ ივლისს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებისთვის სემეკ-ი მზად იყო, მაგრამ ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მოთამაშეებს უფრო მეტი მომზადება სჭირდებათ იმისთვის, რომ უფრო თავდაჯერებულები გავიდნენ ბაზარზე.
ენერგეტიკულ ბირჟაზე ერთის მხრივ ენერგიას გაყიდიან ენერგიის მწარმოებლები, როგორიც არიან ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგურები და ა.შ, რომელთაც გააჩნიათ ენერგია. ასევე იმპორტიორები, დილერები. მეორე მხრივ, ენერგიას ბაზარზე იყიდიან ის მსხვილი ორგანიზაციები, მსხვილი მომხმარებლები, რომლებიც მთავრობის კონცეფციის მიხედვით, პირველ ეტაპზე უნდა გავიდნენ ბაზარზე. ეს არის 22 ორგანიზაცია, აქედან სამი მსხვილი სახელმწიფო უწყებაა, საქართველოს რკინიგზა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და ასევე საქართველოს მელიორაცია. ხოლო 19 კერძო კომპანიაა.
ბირჟის გადავადების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 29 ივნისს მიიღო, რომლის თანახმად, 2023 წლის პირველ ივლისს დაგეგმილი გახსნა 2024 წლის ანალოგიური პერიოდისთვის გადადო.
„ეს სხვადასხვა მიზეზის გამო მოხდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ობიექტურად ვაფასებთ იმ ვითარებას, რომელიც არამხოლოდ ქვეყანაში, არამედ, რეგიონშია შექმნილი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ჩავთვალეთ, რომ არის გარკვეული რისკები ენერგეტიკული ბაზრის გახსნისთვის, ამგვარად 1-წლიანი პერიოდი ავიღეთ. გვექნება ამაზე კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან.
ერთი მხრივ, ეკონომიკის სამინისტრომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია, მეორე მხრივ კი, არ გვინდა, გარკვეული რისკები გავზარდოთ ენერგეტიკულ ბაზარზე, რაც ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის ხელშემშლელი იქნება, რადგან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგეტიკასთან. ენერგეტიკული ბირჟის გახსნა ისეთ დარგებს უკავშირდება, როგორებიცაა, მეტალურგიას, ფეროშენადნობები და ა.შ.“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 29 ივნისს.