ეკონომიკურ ზრდაზე საქართველოს დემოგრაფიული მონაცემების გავლენას "ანალიტიკას" ეთერში ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი აფასებს და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში მიგრაცია ის ეკონომიკური ძრავი აღმოჩნდა, რომელიც, მათი ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მუხრუჭად იქცევა.

"შეიძლება ბოლო წელს შემცირება იყო რუსეთის მოქალაქეების შემოდინების, მაგრამ ბოლო 3-4 წლის კონტექსტში, ძალიან ბევრი რუსი შემოვიდა, რათა თავი დაეღწიათ მობილიზაციის საფრთხისგან. თუ მართლაც მოხდა სამშვიდობო შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის, და რუსებმა ჩათვალეს, რომ მობილიზაციის საფრთხე შემცირებულია, ძალიან ბევრი რუსი დაბრუნდება სამშობლოში და ის ძრავი, რაც იყო ეკონომიკური ზრდისთვის მათი ქვეყანაში შემოსვლა და ფულის შემოტანა, შეტრიალდება პირიქით და მუხრუჭი გახდება. დავრჩებით “ქართული ოცნების” ეკონომიკური პოლიტიკის იმედად, რისი ეფექტიც, როგორც ვიცით, ძალიან მცირეა გარე ძრავების გარეშე. “ოცნების ზრდა” იყო 2013 წლიდან კოვიდამდე, საწყალი 3-4%-იანი ზრდა", - აღნიშნა გიგა ბედინეიშვილმა.

ბედინეიშვილი საქართველოს მოქალაქეების გადინების ფონზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელსაც აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტორი "ქართული ოცნების" მესიჯბოქსის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის შენარჩუნებასაც პარტია განსაკუთრებულად ეცდება.

"ეკონომიკური ზრდა მნიშვნელობა არგუმენტია "ქართული ოცნებისთვის", რადგან, ბევრი თვალსაზრისით, სხვა არაფერი აქვთ - ვერ იტყვიან, რომ ადამიანის უფლებები უმჯობესდება ქვეყანაში, ვერ იტყვიან რომ დასავლეთს უფრო დავუახლოვდით, რაც თაობების განმავლობაში ქართველებისთვის მნიშვნელოვან მისიადაა მიჩნეული; სასამართლო გაუმჯობესდაო ვერ იტყვიან, უფრო სამართლიანი გახდა საზოგადოება და შერჩევითად არ ხდება კანონის აღსრულებაო, ხომ არ იტყვიან? ამის მათ ამომრჩეველსაც კი არ სჯერა. ამიტომ არიან გადასულები ეფემერული იმედების ტირაჟირებაზე და ამბობენ, რომ აი, ეკონომიკური ზრდა ხომ გვაქვს.

ეკონომიკური ზრდა “ქართული ოცნების” დამსახურებით კი არაა, მათ მიუხედავად გვაქვს. მაგრამ, თუ ეს არგუმენტიც გამოეცალათ, მკვეთრად სუსტდება მათი მესიჯბოქსი. ბუნებრივია, ყველაფერს გააკეთებენ, რომ აჩვენონ ამ ნამდვილი ეკონომიკური ზრდა, ან მანიპულაცია გააკეთონ ციფრებით", - განაცხადა ბედინეიშვილმა BMG-სთან.

ცნობისთვის, საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა მარტის თვეში 9%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველ სამ თვეში კი ზრდამ 9.3% შეადგინა.

bm.ge