დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების, ნედლეულის ფასების ვარდნისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთის ფონზე, უმსხვილესი რუსული კომპანიების ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, - ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკის ანალიტიკოსი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სურამელაშვილი აღნიშნავს, Росстат-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში, რუსული კომპანიების მთლიანი მოგება 34%-ით შემცირდა.
„გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბიზნესმა დაახლოებით 750 მილიარდი რუბლი დაკარგა. ქვეყანაში ყოველ მესამე კომპანიამ თვე ზარალით დაასრულა - წერს The Moscow Times.
ნედლეულის ინდუსტრიამ ყველაზე დიდი დარტყმა განიცადა. ნავთობისა და გაზის სექტორის მოგება თითქმის განახევრდა და კომპანიების 40%-მა პირველი კვარტალი მინუსში დაასრულა. ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნების ფინანსური შედეგები 94%-ით შემცირდა. ქვანახშირის ინდუსტრია კვლავ წამგებიანი რჩება. კომპანიების ორი მესამედი მინუსში მუშაობს და სამი თვის განმავლობაში მთლიანმა ზარალმა 79,9 მილიარდ რუბლს მიაღწია.მოგების მნიშვნელოვანი შემცირება ასევე დაფიქსირდა წარმოების სექტორებში. ერთი მესამედით მშენებლობაში, 13%-ით კვების პროდუქტების მრეწველობაში, 30-33%-ით ტექსტილისა და ავეჯის ინდუსტრიებში.
გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ყოველი მეხუთე საწარმოო თავისი მოგების ორ მესამედს სესხის მომსახურებაზე ხარჯავს. ბიზნესების საერთო ვალის ტვირთმა, ბოლო რვა წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, რაც ზრდის კორპორატიული მასობრივი გაკოტრების რისკს.
რუსეთის ცენტრალური ბანკი აღნიშნავს, რომ უმსხვილესი რუსული კომპანიებიდან, სულ მცირე ექვსს, აღარ შეუძლია სესხებზე პროცენტის გადახდაც კი. კიდევ 25 კომპანია ზღვარზე მუშაობს და მოგების მესამედს სესხების უზრუნველყოფაზე მიმართავს“, - წერს სურამელაშვილი.