„საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების ძირითადი ნაწილი ადგილობრივ მოქალაქეებზე მოდის“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „რე/მაქს რეალთი პარკის“ მმართველი პარტნიორი მარიამ სურგულაძე აცხადებს.
მისი თქმით, გაყიდვებში შემცირებულია უცხოელების წილი. სურგულაძე აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან თბილისში უძრავი ქონების შეძენით დაინტერესება შეინიშნება, თუმცა ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახანგრძლივებულია.
„საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების ძირითადი ნაწილი ადგილობრივ მოქალაქეებზე მოდის. ეს იხსნება ყოფითი საჭიროებებით, ახალი ბინის შეძენის ან გარემოს ცვლილებების ფაქტორებით. ყოველივე აქედან გამომდინარე, დღეს ყველაზე მეტად ადგილობრივი მომხმარებელი ყიდულობს ბინას პირველად ბაზარზე.
რაც შეეხება უცხოელ მომხმარებელს, სურათი შეცვლილია - დაახლოებით 30%-ს იკავებდა ადრე საერთაშორისო მომხმარებლები გაყიდვებში, აქ შეცვლილი გვაქვს სურათი, კერძოდ, დაფიქსირებულია მათი წილის კლება. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები უცხოელების მხრიდან შემცირდა, ინტერესის თვალსაზრისით განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. ვგულისხმობ იმას, რომ მათი მხრიდან დაინტერესება არის, მაგრამ ყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება სწრაფად არ ხდება და დაკვირვების რეჟიმში არიან.
როგორც დიდი სურათში ჩანს, დაახლოებით 12%-ს შეადგენს ისრაელის მოქალაქეების წილი გაყიდვებში. ასევე, სლავური წარმოშობის მომხმარებელიც შენარჩუნებულია, თუმცა ისეთი მაღალი მაჩვენებელი არ არის, როგორიც მაგალითად 2 წლის წინ იყო, ძალიან ჭრელი სურათია გაყიდვების ნაწილში“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ მარიამ სურგულაძემ.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისში 2 889 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. „ქოლიერსის“ კვლევის მიხედვით, გაყიდვები წლიურად 8.8%-იან კლებას აჩვენებს.
დედაქალაქში ახალ პროექტებში გაყიდვები წლიურად 6.4%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ კლება ფიქსირდება როგორც პირველად, ისე მეორეულ ბაზარზე. რაც შეეხება ძველ პროექტებს, ამ შემთხვევაში ტრანზაქციების 15.3%-იანი კლება ფიქსირდება.
რაც შეეხება ფასებს, მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვები შემცირდა, ფასები გაზრდილია. უფრო კონკრეტულად, წელს აგვისტოში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი ფასი 1 198 დოლარი იყო, შარშან იმავე პერიოდში კი 1 064 დოლარი.