საქართველოსა და დასავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ასეთი რთული ეტაპი აქამდე არ ყოფილა. ბუნებრივია, ეს პროცესი საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნეს კლიმატის სასარგებლოდ არ მუშაობს. ჩვენი რესპონდენტების ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ დასავლეთთთან გაუარესებული ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყნად დარჩეს.
GLCC-ის მმართველი პარტნიორი ფიქრობს, რომ ქვეყანას, რომელიც ისედაც არ იყო განებივრებული დასავლური კაპიტალით, ამ პირობებში არსებული ინვესტორების შენარჩუნებაც გაუჭირდება.
“ჩვენი ინვესტიციების დიდი ნაწილი არ იყო ევროპული ინვესტიცია, იყო აღმოსავლური და რუსული ინვესტიციების დიდი ნაწილი, რომლებიც მოდიოდა საქართველოში სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით ევროპულ გზაზე, თორემ აღმოსავლეთი და ავტორიტარიზმი იმათ ქვეყნებშიც აქვთ, მათ რომ ფულის ჩადება ნდომებოდათ ავტორიტარულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დასავლური ინვესტიციის ჩანაცვლება კი არ არის პრიორიტეტი, პრიორიტეტია, რომ იგივე აღმოსავლური ინვესტიციაც მოვიზიდოთ იმ პოზიციონირებით, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკეთებდით როგორც ქვეყანა, როცა ვამბობდით, რომ ჩვენ ევროპული ღირებულებებით, ევროპული სამართლებრივი ჩარჩოთი გვექნება აქ ბიზნესის წარმოების საშუალება, რაც ნიშნავს დაცულობას, უსაფრთხოებას და ა.შ. სწორედ აღმოსავლელმა ინვესტორებმა შეაჩერეს და დაიწყეს ინვესტიციების კლება საქართველოში იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური საერთაშორისო ვექტორი გაურკვეველი გახდა”,-ამბობს შალვა ცხაკაია.
ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის თქმით, დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობების ფონზე, რომ დასავლური ფულის იმედი არც „ქართულ ოცნებას აქვს“, ამაზე მათი ბოლო ვიზიტების გეოგრაფიაც მეტყველებს. „ქვეყანა კაპიტალის უკმარისობაშია“- ამბობს ის.
„დღეს ვერ წარმომიდგენია, რომ დასავლური კაპიტალი, მათ შორის აშშ-ს კაპიტალი საქართველოში შემოვიდეს და იმის მიუხედავად, რომ "ქართული ოცნება" დღეს საუბრობს, რომ არანაირ პოლიტიკურ კრიზისს და არასტაბილურობას აქვს ადგილი, მისი ბოლო თვეების მოძრაობის მარშრუტი კარგად მეტყველებს, თუ რა ბაზრებით აპირებს ის ვერ შემოსული ან გასული უცხოური, დასავლური კაპიტალის ჩანაცვლებას ახლო მომავალში.
ვიზიტები ცენტრალურ აზიაში, საამიროებში, სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, ყველაფერი ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე "ქართული ოცნებისთვის" რეალურია ის, რომ დასავლური კაპიტალი აქ არ შემოვა და შესაბამისად სასწრაფოდ საჭიროა მდგომარეობის გამოსწორება, რადგან ის ერთჯერადი ფაქტორები, რომელმაც ბოლო წლებში ინვესტიციების შემცირება დააბალანსა, ეს იყო ომი უკრაინაში, ეს იყო მიგრაცია, ისიც გაქრა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა კაპიტალის უკმარისობაში იმყოფება და ეს პრობლემა სასწრაფოდ არის გადასაჭრელი და ჩასანაცვლებელია კაპიტალის წყაროები, რომ ქვეყანამ მოახერხოს თავისი ფინანსური მდგომარეობა ვაჭრობის თუ სხვა მხრივ დააბალანსოს“,- განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.