ჩვენი ამოცანაა, 2028 წლისთვის დადგმულმა სიმძლავრემ შეადგინოს 8 000 მეგავატზე მეტი, საუბარია რესურსების გაორმაგებაზე. 2030 წელს უნდა გადააჭარბოს 10 000 მეგავატს და ამ მიმართულებით ყველანაირი საფუძველია შექმნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით ენერგეტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
„ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი პროგრამა, რომლის მიხედვითაც 4 წელიწადში ჩვენი ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით უნდა გაიზარდოს. რაც შეეხება ენერგეტიკას, ამ მიმართულებით ჩვენ გასული 12 წლის განმავლობაში გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი, დადგმული სიმძლავრე იყო მხოლოდ 3 359 მეგავატი საქართველოში 2012 წლისთვის, უკვე არის გაზრდილი 4600-მდე, აქ გვაქვს 37 პროცენტამდე ზრდა. ჩვენი ამოცანაა 2028 წლისთვის დადგმულმა სიმძლავრემ შეადგინოს 8 000 მეგავატზე მეტი, საუბარია რესურსების გაორმაგებაზე. 2030 წელს უნდა გადააჭარბოს 10 000 მეგავატს და ამ მიმართულებით ყველანაირი საფუძველია შექმნილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, „ხობი 2“ ჰესი ახლა შედის ექსპლუატაციაში, ის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში ამ სფეროში განხორციელდა.
„ეს არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც აშენდა საქართველოში საბჭოთა პერიოდის შემდეგ. მადლობა კომპანიას, რომელმაც განახორციელა ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, მადლობა ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც წარმართავდა შესაბამის პროცესებს და მომავალშიც გვჭირდება ბევრი ასეთი პროექტი, რათა ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას და კონკრეტულად ენერგეტიკის სფეროს განვითარებას. ჩვენ ასე გავაგრძელებთ და 2030 წლისთვის საქართველო ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით გახდება უკვე სრულად თვითკმარი, დამოუკიდებელი ქვეყანა. უკვე ნაცვლად იმპორტიორისა, ჩვენ გავხდებით ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა, რაც იქნება დიდი მიღწევა. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი პოლიტიკური დამოუკიდებლობის გაძლიერებასაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს