ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეების შენაკადები ნაკადულის კალმახის ქვირითით დათევზიანდა.
განაყოფიერებული კალმახის ქვირითი ველურ ბუნებაში ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის.
ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს.
ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და სპეციალისტების ჩართულობით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მდინარეების შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 20 000 ქვირითი დათევზიანდა.
„წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.
ნაკადულის კალმახი 2006 წელს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. თევზის აღნიშნულ სახეობას მოწყვლადის კატეგორია აქვს მინიჭებული. ნაკადულის კალმახის გამრავლების მიზნით, 2016 წლის სექტემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოებას და მდინარეების დათევზიანებას ითვალისწინებს.
2026 წლის გეგმის მიხედვით მდინარეების დათევზიანება ჯამში 700 000 ქვირითით მოხდება.
ინფორმაციას ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს