„ვითვალისწინებთ რა საქართველოს უზარმაზარ ტურისტულ პოტენციალს, გვჯერა, რომ ჩვენი საჰაერო კავშირის გაფართოება ჩინეთთან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ორმხრივი ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებაში, ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ასევე გააძლიერებს ეკონომიკურ და ბიზნესურთიერთობებს მრეწველობის სფეროს დაინტერესებულ სუბიექტებთან.
„ჩინეთთან ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების სტრატეგიულ მნიშვნელობის აღიარებით, მოხარული ვართ, რომ თბილისი-ურუმჩის შორის ფრენები მიმდინარე წლის იანვარში განახლდა, კვირაში სამი რეისი სრულდება და დიდი პოტენციალი გააჩნია.
ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანია გავაძლიეროთ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია არსებული და ახალი მაღალი სიმძლავრის ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენებით, რაც საქართველოს მეზობელ, ევროპულ და აზიურ ქვეყნებთან დააკავშირებს. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია საქართველოს ტერიტორიის გავლით ევროპისა და აზიის ციფრული კავშირის ხელშეწყობა.
განვიხილავთ რეგიონული ციფრული ჰაბის შექმნას, რომელიც, ერთი მხრივ, მოიცავს საერთაშორისო კავშირს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურასთან, ევროპისა და აზიის უმოკლესი მარშრუტით დაკავშირებას და, მეორე მხრივ, რეგიონული მონაცემთა ცენტრების შექმნას.
ამჟამად მიმდინარეობს ინვესტიციების მოზიდვის, ციფრული ჰაბის და დერეფნის განვითარების კონცეფციის საკონსულტაციო სერვისის მოკვლევა. ძვირფასო მეგობრებო, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ქვეყანა მდიდარია განახლებადი ენერგიის რესურსებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰიდრო რესურსები.
ჰიდროენერგეტიკაში დაახლოებით 40 მილიარდი კვტ/სთ ეკონომიკურად გამართლებული პოტენციალის არსებობის მიუხედავად, ამჟამად მისი მხოლოდ 30% არის ათვისებული. ამიტომ, ჩვენი მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური გამოყენება, განსაკუთრებით დიდი ჰესების პროექტების განხორციელებით. სწორედ ამიტომ, ინვესტორების მოზიდვის მიზნით, გასულ წელს შემუშავდა და დამტკიცდა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც ეფუძნება კონკურენციასა და საბაზრო პრინციპებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მე-4 ფორუმი წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება საქართველოში. ღონისძიება 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2000-მდე დელეგატს შეკრებს.