ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, თენგიზ სვანიძის განცხადებით, დღეს ქართული ჩაის მწარმოებლებს როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე რეალიზაციის პრობლემა აქვთ.

როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, თუ ბაზარი გააქტიურდა მწარმოებლებს ადგილობრივი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებაც შეუძლიათ და ექსპორტზე გასვლაც.

მისივე თქმით, აუცილებელია გააქტიურდეს მარკეტინგული საკითხები და სახელმწიფო ბიზნესს უფრო მეტად დაეხმაროს.

"საქართველოში, ქსელურ მარკეტებში არის როგორც ქართული, ისე იმპორტირებული ჩაის პროდუქცია, მაგრამ ქართული ჩაი გაყიდვების მთლიანი წილის მხოლოდ 25%-ს შეადგენს. ეს გამოწვეულია არა იმიტომ, რომ ქართული ჩაის ხარისხი, ან დიზაინი ჩამორჩება იმპორტირებულს, არამედ ფასთა სხვაობის გამო. იმპორტირებული ჩაი ძირითადად დემპინგური ფასებით არის შემოსული. პრაქტიკულად, ჩაის ქართველი მწარმოებლები თავიანთ პროდუქციას თვითღირებულების ფასადაც ვერ ყიდიან.

საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მუშაობს. ამან თავისი საქმე გააკეთა.  გაველურებული ჩაის პლანტაციების გარკვეული ნაწილი რეაბილიტირებულია, მაგრამ ამ პროგრამა თავი ამოწურა. რეაბილიტირებული პლანტაციების მეპატრონეები, იმის გამო, რომ ქართული ჩაის რეალიზაციის საკითხში არის შეფერხებები, ვერ უწევენ სრულ ექსპლუატაციას. შესაბამისად, ეს რეაბილიტირებული პლანტაციები ისევ გაველურებისკენ წავა. 

სტატისტიკით, საქართველო მოიხმარს 1000-1200 ტონამდე პროდუქციას - ამ რაოდენობის პროდუქციის წარმოება თავისუფლად შეუძლიათ ქართველ მეწარმეებს. სერიოზული კონკურენცია შეგვიძლია გავუწიოთ იმპორტირებულ ჩაის, თუ მეტი დახმარება იქნება.

რაც შეეხება საექსპორტო მიმართულებას -  ძალიან ბევრი მოთხოვნაა საზღვარგარეთიდან, თუმცა სხვადასხვა ტექნიკური საკითხი უშლის ხელს ექსპორტს. თუ ჩვენ მოვაწესრიგებთ მარკეტინგულ საკითხებს, რაზედაც უკვე მივმართეთ სამინისტროს, ექსპორტიც გააქტიურდება", - აცხადებს თენგიზ სვანაძე.

Bp.ge