ამერიკულმა OpenAI-მა, ChatGPT ჩატბოტის შემქმნელმა, მორიგი საინვესტიციო რაუნდის ფარგლებში 6,6 მილიარდი დოლარი შეაგროვა და 157 მილიარდი დოლარის შეფასება მიიღო.

„ახალი დაფინანსება საშუალებას მოგვცემს გავაძლიეროთ ჩვენი ლიდერობა უახლესი ხელოვნური ინტელექტის კვლევაში, გავზარდოთ გამოთვლითი სიმძლავრე და გავაგრძელოთ ინსტრუმენტების შექმნა, რომელიც ეხმარება ადამიანებს რთული პრობლემების გადაჭრაში“, - ნათქვამია OpenAI-ის განცხადებაში.

ამ წლის დასაწყისში, AI კომპანია 86 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, მისი 157 მილიარდ დოლარად შეფასება მას აყენებს ერთ დონეზე ისეთ საჯარო კომპანიებთან როგორებიცაა Goldman Sachs Group Inc. და Uber Technologies Inc. და AT&T Inc.

OpenAI არ ასახელებს გასული საინვესტიციო რაუნდის მონაწილეებს. The Wall Street Journal–ის მონაცემებით, რომელიც ინფორმირებულ წყაროებს ეყრდნობა, OpenAI-მ მიიღო $1,25 მილიარდი სარისკო კაპიტალის ფირმა Thrive Capital-ისგან და $1 მილიარდზე ნაკლები Microsoft Corp-ისგან.

Thrive Capital-მა და Microsoft-მა დაადასტურეს მონაწილეობა საინვესტიციო რაუნდში Barron's-ის მოთხოვნის საპასუხოდ. სხვა ინვესტორებს შორის WSJ-ის წყაროები ასახელებენ იაპონურ SoftBank Group-ს (500 მილიონი დოლარი), Nvidia Corp. (დაახლოებით $100 მილიონი), ასევე Tiger Global Management ($350 მილიონი), Ark Investment Management და Altimeter Capital (თითოეული $250 მილიონი).

WSJ-ის თანახმად, კომპანიებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საინვესტიციო რაუნდში, უფლება აქვთ გამოიტანონ ფული OpenAI-დან, თუ ის ვერ გახდება მომგებიანი ორი წლის განმავლობაში.

OpenAI არის ყველაზე დიდი სახელი სწრაფად მზარდი AI ბაზარზე ChatGPT-ის წარმატების წყალობით, რომელსაც ჰყავს კვირაში დაახლოებით 250 მილიონი  აქტიური მომხმარებელი და 11 მილიონი ფასიანი აბონენტი.

თუმცა კომპანია შორს არის მომგებიანი დონის მიღწევისგან, რაც გარე კაპიტალის მოზიდვას უაღრესად მნიშვნელოვანს ხდის. წყაროების თანახმად, OpenAI-მ შეიძლება დააფიქსიროს $5 მილიარდი ზარალი 3.7 მილიარდი დოლარის შემოსავლით. კომპანია პროგნოზირებს, რომ 2025 წელს მისი შემოსავალი 11.6 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელების შემუშავება და მათი მუშაობა ძალიან ძვირია. გარდა ამისა, AI სპეციალისტებისთვის კონკურენცია მოითხოვს ანაზღაურებაზე მაღალ ხარჯებს.

interfax