მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი - ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რკინიგზას ასევე დაემატება თბილისის-ქუთაისის და თბილისი-ახალციხის მიმართულებები.

„რკინიგზას დაემატება თბილისის-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო ხუთნახევარი საათიდან შემცირდება 4-საათამდე, 1.5 საათით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე.

ასევე, აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო, ძველ დროსთან შედარებით, 6 საათიდან შემცირდება 3-საათამდე, ანუ განახევრდება მგზავრობის დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე.

ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი - ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“ რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას,“- აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.