„2025 წელს ბათუმში ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 17 %-ით გაიზარდა, რაც ძირითადად შედარებით მაღალფასიანი პროექტების გაზრდილი მიწოდებით აიხსნება,“ – ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში – „საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში“.
მიმოხილვის თანახმად, ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო ფასმა კვადრატულ მეტრზე 1 395 დოლარს მიაღწია.
შედარებისთვის, ამავე მიმოხილვის თანახმად, კვადრატულის საშუალო ფასი 2024 წელს 1 197 დოლარი იყო, 2023 წელს კი – 1 125 დოლარი.
„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის თანახმად, ბათუმის ცენტრში 1-საძინებლიანი ბინების ფასების და ამონაგების შედარება რეგიონის ისეთ საკურორტო ქალაქებთან, როგორიცაა, მაგალითად, ვარნა [ბულგარეთი] ან ანტალია [თურქეთი], აჩვენებს, რომ ბათუმს ახასიათებს ყველაზე დაბალი გასაყიდი ფასი და ამავდროულად ყველაზე მაღალი ამონაგები.

სქრინი „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვიდან
„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს მოთხოვნის მკვეთრი ზრდის შემდგომ, 2024-2025 წლებში საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ფაზაში გადავიდა.
კერძოდ, 2024-2025 წლებში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები დასტაბილურდა და საშუალო ფასმა კვადრატულ მეტრზე 1 312 დოლარს მიაღწია.
ამასთან, პრემიუმ სეგმენტში ფასები თბილისის საშუალო ფასებთან შედარებით ორჯერ მაღალია.
თბილისში გაყიდული ქონების 80% საცხოვრებელი მიზნით იყო, ხოლო ბათუმში გაყიდული ქონების 85 % გაიყიდა საინვესტიციო მიზნით.
რაც შეეხება 2026 წლის მოლოდინებს, თიბისი კაპიტალის პროგნოზის თანახმად, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი ნორმალიზების ფაზაში შედის. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ფასსა და გაყიდვებში სტაბილური ზრდა შენარჩუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყიდვები 4.5 %-ით გაიზრდება, ხოლო ფასი – 3.2 %-ით.
რაც შეეხება ბინის ქირას, მიმოხილვის თანახმად ის კორექტირებას განაგრძობს (საშუალოდ 2.1 %-ით დაიკლებს), ხოლო გაქირავებიდან მიღებული ამონაგები 8%-ის ფარგლებში დარჩება.