ბათუმის პორტმა განახლებული ტვირთბრუნვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

პორტის მონაცემებით, გასულ წელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ტვირთების გადატვირთვის საერთო მოცულობამ 7. 3 მილიონი ტონა შეადგინა.

ამასთან, 2025 წლის განმავლობაში 1.7 მილიონი ტონა საბორნე ტვირთი დამუშავდა, კონტეინერების ტვირთბრუნვა კი 109.6 ათასი TEU იყო.

„მშრალი ტვირთების ტერმინალზე დამოუკიდებლად ოპერირებული გადატვირთვის მოცულობა გაიზარდა 1.15 მილიონ ტონამდე, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პორტმა გააფართოვა ტვირთების გეოგრაფია და ნომენკლატურა, რითაც უზრუნველყოფილი იქნა ახალი საერთაშორისო ტვირთნაკადების მოზიდვა,“ – ნათქვამია „ბათუმის საზღვაო პორტის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ბათუმის პორტში 2025 წლის განმავლობაში 1.9 მილიონი ტონა ნავთობი გადამუშავდა. ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა 660 გემის მიღება შეძლო.

ბათუმის პორტმა ასევე გამოაქვეყნა ნაყარი ტვირთების, მეტალურგიული ტვირთების და მარცვლეულის დამუშავების სტატისტიკაც.

ამ მონაცემების თანახმად:

  • 2025 წლის გეგმასთან შედარებით ბათუმის საზღვაო პორტში ნაყარი ტვირთების დამუშავების მოცულობა 65.8%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის წლიურ შესრულებასთან შედარებით ზრდამ 1.63% შეადგინა.
  • 2025 წლის გეგმასთან შედარებით, ბათუმის საზღვაო პორტში 58.5%-ით მეტი მეტალურგიული ტვირთები დამუშავდა, ხოლო 2024 წელთან შედარებით 2025 წლის მაჩვენებელი 52.7%-ით გაიზარდა.
  • 2025 წლის გეგმასთან შედარებით ბათუმის საზღვაო პორტში მარცვლეულის დამუშავების მოცულობა 67%-ით გაიზარდა.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ყაზახური კომპანია „ყაზტრანსოილი“ მართავს.

ნავსადგურის ტერიტორია 197 852 კვ. მეტრია და მოიცავს ნავთობტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს, მშრალი ტვირთების ტერმინალს და სამგზავრო ტერმინალს. ასევე 11 ნავმისადგომს და მისადგომის გარეშე ჩატვირთვის წერტილს.

ბათუმის საზღვაო ნავსადგური მთლიანი გამტარუნარიანობა წელიწადში 18 მილიონი ტონაა.

batumelebi.netgazeti.ge