ბათუმის მერიამ გონიო-კვარიათის პლაჟებზე საპლაჟე ინფრასტრუქტურის განსათავსებლად ნაკვეთებზე ოთხთვიანი იჯარის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა. აუქციონზე გამოტანილია 61 ნაკვეთი, რომელთა ფართობები 240 კვადრატული მეტრიდან 754 კვადრატულ მეტრომდე მერყეობს. შესაბამისად გადასახადიც 2800 ლარიდან 8800 ლარის ფარგლებშია.
„აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი ,,ბე“ (50%) ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი ქირის ოდენობაში. იჯარის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტის დროისა, მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) სრულად იხდის სახელშეკრულებო პერიოდის სარგებლობის საფასურს.
აუქციონზე განკარგული ქონების სარგებლობის საფასურის სრულად გადახდა შემდეგ ვადებში: სრული სარგებლობის საფასურიდან გადასახდელი 50%-ის (ბე-ს თანხის გამოკლებით) გადახდა 2023 წლის 15 აგვისტომდე.
აუქციონში გამარჯვებულ პირზე ქონების დროებით სარგებლობის უფლება გადადის საიჯარო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან;
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განათავსოს თანამედროვე დიზაინის, ვიზუალურად მოწესრიგებული და
დაუზიანებელი საპლაჟე ინფრასტრუქტურა (შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი);
მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია სარგებლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ.
მოიჯარე (აუქციონში გამარჯვებული) ვალდებულია განახორციელოს იჯარის უფლებით სარგებლობაში მიღებული მიწის ნაკვეთის მოვლა-პატრონობა, დასუფთავება და სანიტარული ნორმების დაცვა.
მოიჯარეს (აუქციონში გამარჯვებულს) ეკრძალება იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის ნებისმიერი სახით შემოღობვა, ასევე მიწის ნაკვეთზე (პლაჟის მონაკვეთზე) საპლაჟე ინფრაქტრუქტურის იმდაგვარად განთავსება, რაც შეუძლებელს გახდის ნებისმიერი დაინტერესებული პირის იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის გავლით ზღვის სანაპიროზე მოხვედრას.
მოიჯარე ვალდებულია იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ, სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში;
მოიჯარეს ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები გადასცეს მესამე პირს მეიჯარის - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობის გარეშე;
მოიჯარეს ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა,“- ნათქვამია აუქციონის პირობებში.