მთავრობა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმას გეგმავს, რომელიც რამდენიმე ეტაპს გულისხმობს. შესაბამის კანონპროექტზე ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა.
რას გულისხმობს რეფორმა და კონკრეტულად ტრანსპორტის სექტორის რა ნაწილი მოექცევა საკანონმდებლო ჩარჩოებში, ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში, ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ერეკლე კეჟერაშვილმა ისაუბრა.
„რეფორმა გულისხმობს საქალაქთაშორისო გადაყვანების მოწესრიგებას. არსებული მდგომარეობა ვერ პასუხობს მოქალაქეების მოთხოვნებს მომსახურების ხარისხთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით არ არის ელექტრონულად ხელმისაწვდომი ავტოსადგურის განრიგებიც კი.
რეფორმის დაწყებას წინ უძღოდა ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები, შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც აფასებს ჩვენს მიერ განხორციელებული ინტერვენციების შესაძლო გავლენებს, მას შემდეგ რაც რეფორმის განხორციელება დაიწყება,“- განაცხადა კეჟერაშვილმა.
რა მოთხოვნები დაუწესდება ტრანსპორტს და რა ვადებშია განსაზღვრული რეფორმის ეტაპები. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, რეფორმა რამდენიმე გარდამავალ ეტაპს მოიცავს.
„ჩვენ მომზადებული გვაქვს კანონპროექტი, რომელიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტს საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას წარედგინება, თუმცა მოლოდინი არის რომ მისი განხილვა და დამტკიცება მოხდება საშემოდგომო სესიაზე.
ამის შემდგომ შეიქმნება საჭიროება, რომ აღირიცხოს ყველა ის ოპერატორი და ავტოსადგური, რომელიც დღეს ოპერირებს ბაზარზე. დაწესებული იქნება ზოგადი მოთხოვნები ყველა ოპერატორისთვის, მაგალითად, რომ ტექინსპექტირება უნდა ჰქონდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებას გავლილი, წარდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია, როგორც სატრანსპორტო საშუალების, ასევე მძღოლის კვალიფიკაციის შესახებ, ასევე ზოგადი მოთხოვნები დაწესდება ავტოსადგურების მიმართაც, რომელიც ნაწილობრივ დღესაც მოქმედებს, თუმცა პრობლემებია აღსრულებასთან მიმართებით.
აღნიშნული პროცესი 2024 წლის პირველ მარტამდე დასრულდება და ამის შემდგომ კვლავ დაწესდება გარდამავალი ეტაპი იმისათვის, რომ ავტოსადგურებმა სრულად მოაწესრიგონ ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა იყოს მოწესრიგებული ბაქანი, იყოს საპარკინგე ადგილები როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების წინასარეისო მომსახურებისთვის, სალარო, მძღოლთა მოსასვენებელი ადგილი, მგზავრთა მოსაცდელი სივრცე, ზოგადად დაცული უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები.
ავტოსადგურები დაიყოფიან 3 კლასად. პირველი კლასის ავტოსადგურს ექნება უფრო მეტი ინფრასტრუქტურული მოთხოვნა წაყენებული, შემდეგ მოჰყვება მეორე-მესამე კლასის ავტოსადგურები, რომელთაც შედარებით მცირე და მარტივი მოთხოვნები ექნებათ დასაკმაყოფილებელი. ეს იქნება იმაზე დამოკიდებული თუ რომელ ქალაქში მდებარეობს ის, რა მასშტაბის მგზავრს შეიძლება მოემსახურონ და რა სახის მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს, მხოლოდ შიდა სახელმწიფოს თუ საერთაშორისოს. საერთაშორისო რეისის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირველი კლასის ავტოსადგურიდან,“- განაცხადა ერეკლე კეჟერაშვილმა.
მისი თქმით, ეკონომიკის უწყებას სატრანსპორტო სექტორთან კონსულტაციები გავლილი აქვს, როგორც გასულ წელს ავტოსადგურებთან და ოპერატორებთან, ასევე მიმდინარე წელს დაინტერესებულ პირთა ფართო წრესთან, მათ შორის იმ სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც შეიძლება ჩართული იყვნენ რეფორმის განხორციელების პროცესში.
„ჩვენ ვგრძნობთ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას, დადებით მოლოდინს და ინტერესს, რომ მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს და მგზავრობის უსაფრთხოების დონე ამაღლდეს,“ - აცხადებს კეჟერაშვილი. მისი თქმით, მოუწესრიგებელი სექტორი აფერხებს ტურიზმსაც, რადგან ტურისტებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ქალაქებს შორის გადაადგილება ავტობუსებითაც შეიძლება.
კეჟერაშვილის თქმით, სახელმწიფო საქალაქთაშორისო მგზავრობის ტარიფში რაიმე ჩარევას ჯერჯერობით არ გეგმავს, თუმცა არაა გამორიცხული რომ გარკვეული მიმართულებებზე ტარიფის სუფსიდირება მოხდეს.
„პირველ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან არ იგეგმება რაიმე სატარიფო ინტერვენცია, ვინაიდან საქალაქთაშორისო გადაადგილება, განსხვავებით მუნიციპალური ტრანსპორტისა არის კომერციულად მოგებიანი მომსახურება და ბიზნესს აქვს დაინტერესება, თუმცა მომავალში არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული მიმართულებები იყოს კომერციული ინტერესის მიღმა და სახელმწიფომ გარკვეული ჩარევა განახორციელოს, “- აღნიშნა მან.
ერეკლე კეჟერაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ბაზარზე დაახლოებით 5000 ოპერატორია. ის რეფორმის შედეგად ბაზრის მონაწილეების მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელის, თუმცა საერთო ჯამში ბაზრის გაჯანსაღებას და შემდგომში ამ მიმართულებით უცხოელი ინვესტორების ინტერესის გაჩენის მოლოდინი აქვს.
კეჟერაშვილის თქმით, რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების მაკონტროლებელ ორგანო ეკონომიკის უწყებაში შემავალი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო იქნება. აღსრულების მექანიზმში ჩართული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროც.
„რეფორმის ფარგლებში დაიხვეწება მონიტორინგის სისტემა და მექანიზმები. მონიტორინგს განახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. აღსრულების მექანიზმში ჩართული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელიც განახორციელებს გზებზე იმის კონტროლს, თუ რამდენად აკმაყოფილებენ მგზავრთა გადამყვანი ოპერატორები დაწესებულ მოთხოვნებს და რამდენად გადაადგილდებიან ისინი იმ ნებართვით, რომელიც სახელმწიფოსგან იქნება დაწესებული. დარღვევის შედეგად კი სხვა სანქციებთან ერთად განიხილება ფულადი სანქციებიც,“- განაცხადა კეჟერაშვილმა.