აშშ-ის კონგრესი რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა განხილვას გეგმავს, რომელიც ზაფხულში გადაიდო - წერს Politico.

კონგრესში, რესპუბლიკელების პროუკრაინულმა ფრთამ, ახალი სტრატეგია შეიმუშავა: ეს კანონპროექტი, აშშ-ის მთავრობის დაფინანსების შესახებ მომავალ კანონპროექტს მიაბან.

ფაქტია, რომ კონგრესში რესპუბლიკელებს ბიუჯეტის დამოუკიდებლად მისაღებად საკმარისი ხმები არ ყოფნით. ამიტომ, იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ერთ პაკეტად კენჭისყრაზე გავიდეს როგორც რესპუბლიკელებისთვის საჭირო ბიუჯეტის კანონი, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონი, რომელსაც დემოკრატებმა უკვე დაუჭირეს მხარი.

გეგმა შეიმუშავა სანქციების შესახებ კანონპროექტის ავტორმა, სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც ცნობილია უკრაინისადმი ერთგულებით. მას მხარი დაუჭირა კიდევ ერთმა პროუკრაინელმა რესპუბლიკელმა, ბრაიან ფიცპატრიკმა. მათი თქმით, ისინი გეგმავენ, მომავალ კვირას მოუწოდონ ორივე პარტიიდან სხვა კოლეგებს, მხარი დაუჭირონ ასეთი პაკეტის კენჭისყრის ფორმატს.

"Politico“-ს ცნობით, როგორც ჩანს, იდეა სენატში, რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერებმა დადებითად შეაფასეს.

ამავდროულად, სენატორი გრემი ცდილობს დაარწმუნოს ევროკავშირი, დათანხმდეს ტრამპის მოთხოვნებს, დაწესდეს სავაჭრო ტარიფები ჩინეთსა და ინდოეთზე, როგორც პირობა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ამერიკული სანქციების შემოღებისა.

მოამზადა ეკონომიკურმა მიმომხილველმა გოგიტა სურამელაშვილმა