სახელმწიფო მოხელეს ეშინია, რომ მან თუ მოგცათ თქვენ ნებართვა, უცებ, ვინმეს კითხვა არ გაუჩნდეს კორუფციულ გარიგებაზე - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის” გადაცემაში "მონეტიზაცია" განაცხადა. მან გადაცემაში მთავრობის ანტიკორუფციული ნაბიჯები დადებითად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ ამით კერძო სექტორისთვის ლიცენზიების გაცემაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებში სიფრთხილე გაიზარდა, რის გამოც არაერთი მსხვილი პროექტის დაწყება ჭიანურდება.
გიორგი ქობულიამ ხაზი გაუსვა იმ პროექტების დროული მხარდაჭერის აუცილებლობას, რომლებიც სახელმწიფო ჩარევას საჭიროებს.
„რა შეიძლება გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ მეტად შეუწყოს ხელი ეკონომიკურ განვითარებას წელს და შემდეგი წლების განმავლობაში - პირველი ეს არის ზოგადად ჩვენი ბიზნესის კლიმატის კიდევ უფრო გაუმჯობესება. მეორე არის სტრატეგიულ ეკონომიკის სექტორებში მსხვილი პროექტების შესრულების სტიმულირება, ისეთი პროექტების, რომლებიც კერძო სექტორის მიერ შესრულებული ვერ იქნება, იმიტომ, რომ ძალიან მსხვილია და სახელმწიფო მონაწილეობა არის საჭირო.
რაც შეეხება პირველ ნაწილს, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესებას, მე გამოვყოფდი პირველ ადგილზე ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებში ბიუროკრატიის შემცირებას. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვესმის ყველა მხრიდან, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში, რომლებიც ეწევიან საქმიანობას ლიცენზიების გაცემაზე, ნებართვების გაცემაზე და ა.შ, არის ძალიან დიდი ბიუროკრატია. ეს იყო ყოველთვის, როცა მე ვმუშაობდი სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ დღეს ამან მიიღო განსაკუთრებული სახე. სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები, იქნება ეს ცენტრალური მთავრობა თუ რეგიონული მუნიციპალიტეტები, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი უფრო მუშაობენ იმაზე, როგორ არ მიიღონ გადაწყვეტილება, როგორ არ დაეხმარონ ბიზნესს, როგორ გააჭიანურონ პროცესი.
მაგალითად, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 6 თვეა ვერ მიიღეს ლიცენზიები და გაჩერებულია მშენებლობა ერთ-ერთ დიდ ობიექტზე. რატომ არის გაჩერებული, რატომ არ გაიცემა ნებართვა, პასუხი კი არ არის, რომ არ გაძლევთ და მიზეზი, არამედ პასუხობენ - ავად გავხდი, ხვალ მოვალ სამსახურში, დაგველოდეთ...” - აცხადებს გიორგი ქობულია.
მისი თქმით, გამოსავალი საკითხზე ცენტრალური ხელისუფლების რეაგირებაა.
„არის განცდა, რომ სახელმწიფო მოხელის ინიციატივა, რაღაც გადაუწყვიტოს ბიზნესს, არის დასჯადი. სახელმწიფო მოხელეს ეშინია, რომ მან თუ მოგცათ თქვენ ნებართვა უცებ, ვინმეს კითხვა არ გაუჩნდეს კორუფციულ გარიგებაზე… ეს ასე იყო მუდამ, ყოველთვის ეუბნებოდნენ სახელმწიფო მოხელეს - რა გინდა, რატომ ცდილობ, რომ ბიზნესს დაეხმარო, ყოველთვის იყო, მაგრამ ამ თვეების განმავლობაში, როცა ჩვენ ვხედავთ ამ ძალიან დადებით ანტიკორუფციულ ტალღას, ამან საერთოდ შიში დანერგა მთლიანად სისტემაში.
ამას სჭირდება ძალიან მარტივად, ყველაზე ზემო მმართველობის სტრუქტურებიდან, პრემიერ-მინისტრის დონიდან დიდი ყურადღება. შიშის გაქარწყლება უნდა მოხდეს, მოხელეებს უნდა უთხრან, რომ მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ არ მიიღებთ, ეს იქნება დასჯადი. დღეს ეს სახელმწიფო მოხელეები მთელი დღე ფიქრობენ იმაზე, როგორ „გაძვრნენ“, რომ გადაწყვეტილება არ მიიღონ და არავის არ დაეხმარონ. ეს პრობლემა ჩვენ ძალიან ძლიერად დაგვარტყამს, ყოველთვის გვირტყამდა, მაგრამ ახლა ისეთ დონეზეა ასული, რომ ამის შედეგებს ჩვენ ვნახავთ 2026 წლის ბოლოსკენაც, რადგან თუ ნებართვა არ მიეცი მშენებლობის იმას ვისაც ეკუთვნის და ვერ ააშენა რაღაცა, ვერ გაიზრდება ვერც სამუშაო ადგილები და ვერც სამშენებლო მასალების მოხმარება.
ძალიან მარტივია, ზემოდან უნდა იყოს მიცემული ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ მიიღეთ გადაწყვეტილება. მაგას უნდა მარტო მაგალითი და ზემოდან მართვა. თუ ეს ზემო ეშელონებიდან არ წამოვიდა, არაფერი არ გამოვა," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
როგორც მან აღნიშნა, მსხვილი პროექტების შესრულების სტიმულირების პარალელურად, საჭიროა „კორუფციული რისკების კონტროლი“. გიორგი ქობულიას თქმით, „ანტიკორუფციული ნაბიჯები“ ეკონომიკურ განვითარების ხელშემწყობია.
Bpn.ge