სექტემბრის თვეში ეკონომიკის 8.3%-ით ზრდას ექსპერტები 2 ფაქტორით ხსნიან. ესენია დაბალი ინფლაცია და ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა.

,,ორი მთავარი ფაქტორია დაბალი ინფლაცია და ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა. ადგილობრივ მოთხოვნაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებამ, რომელიც დადებითი სიგნალი იყო ეკონომიკისთვის. შესაბამისად დაკრედიტება მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც გამოიწვია ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა. მოსალოდნელზე მაღალი ადგილობრივი მოთხოვნის ზრდა გადაითარგმნა ეკონომიკურ ზრდაში. ინფლაციის დაბალმა დონემ ხელი შეუწყო, რომ მაღალი რეალური ეკონომიკური ზრდა დაფიქსირებულიყო.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში PMCG-ის მკვლევარი გოჩა ქარდავა.

მისი თქმით, 8,3% საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ის წინა წლის სექტემბრის მონაცემებს აღემატება. - ,,8,3%-ით ეკონომიკის გაზრდა პოზიციურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. ის ჩამოუვარდება გასული ორი თვის ზრდის მაჩვენებელს, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო. ვინაიდან, რეალურად ეკონომიკა იმაზე სწრაფი ტემპით იზრდებოდა, ვიდრე პოტენციური ზრდის მაჩვენებელი ამის საშუალებას იძლეოდა. სექტემბრის თვის მაჩვენებელშიც შესაბამისად დაბალმა ინფლაციამ მოახდინა გავლენა. ბაზარზე მაღალი მოთხოვნა ჯერ კიდევ ნარჩუნდება, სწორედ ამიტომ არის საკმაოდ მაღალი ზრდის მაჩვენებელი. მოლოდინების მხრივ, წლის პირველი ნახევრიდან მოსალოდნელი იყო, რომ ზრდის ტემპი შემცირდებოდა, ვინაიდან პოტენციურზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. ლოგიკურია, რომ გასული ორი თვის შემდეგ მცირედით შემცირდა. მოსალოდნელია, რომ დაახლოებით იგივე ან ცოტა უფრო დაბალი იქნება მეოთხე კვარტალის მონაცემებით.’’- აცხადებს გოჩა ქარდავა.

PMCG-ის მკვლევრის პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ოქტომბრის თვეში მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. გოჩა ქარდავა აცხადებს, რომ ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა მონაცემის მატება და დიდი ალბათობით ის იგივე ნიშნულზე დარჩება, რასაც ექსპერტი არჩევნებთან დაკავშირებული გარკვეული წნეხით ხსნის.

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის პირველი ცხრა თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9.8%-ია. PMCG-ის მკვლევარს ვკითხეთ, წლის ბოლოს სავარაუდოდ რა ნიშნულს გაუტოლდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. გოჩა ქარდავას მიაჩნია, რომ ზრდა 10%-მდე ვერ ავა.

,,ამჟამინდელი პროგნოზით შემიძლია ვთქვა, რომ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10%-ზე ვერ ავა. თუმცა ზრდის მაჩვენებელი, რომელიც ახლა ფიქსირდება (9,8%), საკმაოდ მაღალია. ასევე, დადებითი ფაქტია ის, რომ ზრდა იყო იმაზე მეტი, ვიდრე წლის დასაწყისში პროგნოზირებდნენ. ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტების ყოველი შემდეგი აფდეითი ზრდიდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. ეროვნული ბანკის პროგნოზითაც, უკვე 8%-ზე მაღლა იყო ბოლო პროგნოზი, როცა გამოქვეყნდა მონეტარული პოლიტიკის ანგარიში. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი დადებითად უნდა შევაფასოთ. თუმცა ვარაუდის დონეზე შემიძლია ვთქვა, რომ 10%-ს ვერ მიაღწევს და ვერ გადაცდება.’’- აცხადებს გოჩა ქარდავა.